“საერთაშორისო ორგანიზაციამ მომცა შანსი, რომ საკუთარი საქმე წამომეწყო”, – ამბობს 28 წლის ამირან ლოცულაშვილი, რომელსაც ახლა უკვე მშობლიურ სოფელში საკუთარი ინკუბატორი და მისი გაფართოების გეგმაც აქვს.
ამირანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ცხოვრობს. ის ეტლით მოსარგებლეა და როგორც ამბობს, სურდა ისეთი საქმე წამოეწყო, სადაც საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდა.
“ვინაიდან ეტლით მოსარგებლე ვარ ჩემთვის დასაქმება რთულად შესაძლებელი აღმოჩდა. აქამდე არსად არ მიმუშავია. ამიტომ გადავწყვიტე, ისეთი საქმე წამომეწყო, რაც ჩემთვის მოსახერხებელი იქნებოდა”.
ამირანი იხსენებს, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ იდეის საქმედ ქცევაში დაეხმარა, სწორედ არასამთავრობო სექტორიდან მიიღო.
“ჩემი საქმის განხორციელებაში დამეხმარა უცხოური პროგრამა და შემიძინეს ინკუბატორის დანადგარი. იქამდე კი, აქტიურად ვიყავი ჩართული არაფორმალურ განათლების პროგრამაში, ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგ კურსებში, რომლებიც დამეხმარა საქმის არჩევაში და შემდგომ ბიზნესის წარმართვაში”.
ამირანმა საკუთარი იდეის განხორციელება პროექტის „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა” ფარგლებში შეძლო. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის SOS-Kinderdörfer weltweit ფინანსური მხარდაჭერით და ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის’’, SOS Children’s Villages Georgia მიერ განხორციელდა. ამ პროგრამაში ამირანი “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა” ჩართო.
პროექტის ფარგლებში, ამირანს ინკუბატორის ორი აპარატი შეუძინეს, რომელსაც ახლა დამოუკიდებლად უძღვება, თუმცა სურვილი აქვს, რომ მეურნეობა გააფართოოს და სხვა ადამიანებიც დაასაქმოს.
“ამ ეტაპზე საქმეს მარტო უძღვები, თუმცა სამომავლოდ მეურნეობის გაფართოვება მაქვს გეგმაში და ხალხის დასაქმების პერსპექტივაც გააჩნია ამ ბიზნესს.”
ამირანს ბიზნესის გაფართოების პროცესშიც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების იმედი აქვს. სურვილი აქვს, რომ მათ საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას, რადგან ფიქრობს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება ქვეყანაში სწორედ არასამთავრობო სექტორის ძალისხმევით გაუმჯობესდა.
“ვფიქრობ, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ არა მარტო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. მათ ბევრ ადამიანს შეუწყეს ხელი თავისი საქმის განვითარებაში. მათი დახმარებით და ჩემი ფინანსური რესურსით, სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი ბიზნესის განვითარებას მეც.”