“დაუშვებელია მედიის მიმართ ძალადობა და ხელშეშლა” – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად, რომელიც გამთენიისას, თბილისში აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას ეხებოდა.
“მედიას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალება. დაუშვებელია მედიის მიმართ ძალადობა და ხელშეშლა. ნებისმიერი ხელშეშლა მედიის მიმართ, როცა ჟურნალისტები ასრულებენ მოვალეობას არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
დიცში ყოფნისას, ჟურნალისტებმა იოსელიანს დარბევის დროს მოქალაქეთა დაკავებასა და მათ უფლუბების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის როლზეც კითხეს, რაზეც იოსელიანმა უპასუხა, რომ მოქალაქეთა განცხადებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება.
“ჩვენ ამის შესახებ გავავრცელეთ განცხადება. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩცენმა წარმომადგენლებმა დაიწყეს ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შესაბამისი რეაგირება და საოქმო ჩანაწერი. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ან შესაბამის უწყებას“, – აღნიშნა იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები სიტუაციის ანალიზს ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრებით აფასებენ.
“სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს, როგორც ინსტიტუცია. ბუნებრივია, ყველაფერს სჭირდება დრო იმისთვის, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია დაკავებულების შესახებ იმისთვის, რომ ყველა კადრი ვნახოთ და შევაფასოთ პროპორციულობა. მელიქიშვილის გამზირზე ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას პოლიციის მხრიდან. არასოდეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისათვის, რომ სრულფასოვნად და ადეკვატურად შევაფასოთ ვითარება ჩვენ გვჭირდება სრული სურათი – აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ მოგვცემდა. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალური ქსელის, ტელევიზიის მეშვეობით“, – თქვა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის დაშლის დროს, შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ 16 პირი დააკავა. მათგან სამი, ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი – ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.