ახალი ამბები

კომპანიას, რომელიც ხაშურის მერს არ ახსოვს, 2 ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს

კომპანიას, რომელიც ხაშურის მერს არ ახსოვს, ორი ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს. საუბარია შპს “იახტაზე”, რომელიც ხაშურის ბიუჯეტიდან უტენდეროდ კიდევ 76 000 ლარს მიიღებს მიიღებს.

გამარტივებული წესით დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, შპს “იახტამ” სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარლგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზეკოტაში, ბეღლითში და რუსაათნთუბანში ბეტონის გზის, სანიაღვრე არხისა და ბეტონის კედლის ჩასხმის სამუშაოები უნდა შეასრულოს. 

შპს “იახტას” შესახებ “მოზაიკამ” ცოტა ხნის წინ მოამზადა. როგორც “მოზაიკა” მასალაში წერდა, “იახტასთან” თანამშრომლობა ხაშურის მერიამ კომპანიის დაფუძნებიდან ოთხ თვეში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კომპანიას გამოცდილება არ ჰქონდა, მერიამ მასთან ხელშეკრულებები უტენდეროდ გააფორმა.

არ მახსოვს, რომელი კომპანიაა ეგ. მე რატომ უნდა ვიცოდე?“, – ასე პასუხობს ხაშურის მერი “მოზაიკას” კითხვას, თუ ვინ და რა პრინციპით გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა. 

ამ პასუხიდან რამდენიმე დღეში კი, კომპანიასთან ხაშურის მერიამ კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა. ორივე ხელშეკრულებას ხელს კვლავ ხაშურის მერი აწერს.

შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიასთან ხაშურის მერიას ჯამში 716 756 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ყველა მათგანი უტენდეროდ.

ამავე თემაზე: ერთ დღეში დადებული 8 ხელშეკრულება – ვის მისცა ხაშურის მერიამ უტენდეროდ ნახევარი მილიონი 

შეგახსენებთ, რომ კომპანია, რომელსაც მერიამ ხელშეკრულებები გამოცდილების მოთხოვნის გარეშე გაუფორმა, სოფელ ნიქოზშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი მერაბ შათირიშვილია, რომელიც კომპანიის 60%-იან წილს ფლობს, ხოლო 40% მის კომპანიონს, ზელმიხან თითირაშვილს ეკუთვნის. დამატებითი ინფორმაციები ოფიციალური მფლობელების და მათი კომპანიის შესახებ არ იძებნება. 

“მოზაიკას” კი ეუბნებიან, რომ რეალურად კომპანიას სხვა მფლობელები ჰყავს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც მისი რეალური მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე შედგა. კომპანიის სავარაუდო მფლობელად ხაშურში “ქართული ოცნების” დელეგატის ზაალ დუგლაძის ოჯახს ასახელებენ. 

დატოვეთ კომენტარი