ბლოგები

“ახალგაზრდები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებისთვის ვიბრძვით”

ავტორი: საბა ბულისკერია

26 ოქტომბერს მოუთმენლად ველოდი. ჩემთვის და ჩემი ასაკის ახალგაზრდებისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური თარიღი, რომელიც ცხოვრების ახალ საწყისს გვპირდებოდა, თუმცა გაყალბებულმა არჩევნებმა და მოპარულმა ხმებმა ჩემში უპერსპექტივობის განცდა გააჩინა, რომ ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არაფრად ჩააგდეს და ახლა მომავლის წართმევას მიპირებენ.

ჩემში ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა არჩევნების მეორე დღეს დასრულდა. სწრაფად გადავეწყვეთ ადამიანები და მივხვდით, რომ ჩვენი საბრძოლია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, პოლიტიკოსები, მთავრობა ყველანი ჩვენს სამსახურში არიან. ხალხი რომ არ იყოს, შესაბამისად, ვერც ეგენი ვერ იქნებიან, ქვეყანა ვერ იქნება, ენა ვერ იქნება, ამიტომ ვალდებულნი ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

ბრძოლის სურვილი და ჟინი 26 ოქტომბრამდეც იყო, მარტის აქციაზე, 20 ივნისს და ბევრ სხვა მნიშვნელოვან დღეებში, როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ენის დღეს, 9 აპრილს და ასე შემდეგ, ჩვენც ასე უნდა გავყვეთ ამ გზას და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იქნება ენის, ხმის, თუ სამშობლოს წართმევის წინააღმდეგ.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება გავაკეთოთ უწყეტ პროტესტში ჩაბმა და ქუჩის აქციებში მონაწილეობაა. დავანახოთ მსოფლიოს, ევროპას, რომ საქართველოში უმრავლესობას არ მოგვწოს ეს რეალობა და გვინდა უკეთესი მომავალი. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქამდე, ვიდრე არ იქნება ხალხისთვის მისაღები შედეგი.

ჩემი ძალიან ბევრი ლექტორი მეუბნება იმას, რომ 1-ელი დეკემბრიდან ცენზურა უწესდებათ და მათ აღარ ექნებათ იმის საშუალება ასწავლონ ის, რაც საჭიროა სტუდენტის განვითარებითვის. მალე ალბათ მოგვიწევს უნივერსიტეტებში ვიღაცის შედგენილი ტექსტებით სწავლა, დამახინჯებული ბიოგრაფიები, დამახინჯებული სამეცნიერო ლიტერუტერატურის გადაცემა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ საბჭოთა ცენზურის დაბრუნება, ამის ჩამოსაშლელად ბევრი იბრძოლა ქართველმა ხალხმა. ჩვენ ახალგზარდეს გვჭირდება ევროპული განათლება, რომ ისევ ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ, ეს ყველაფრის საწყისია. ჩვენ გვაქვს ორი გზა ან ვიყოთ უმომავლო და უპერსპექტივო ქვეყანაში, ან ვიბრძოლოთ ჩვენი თავსუფლებისთვის.

მე აფხაზეთს მოშორებული ბავშვი ვარ. რომ არა ომი, მე იქ უნდა დავბადებულიყავი, იქ მესწავლა და ჩემი ახლობლების გარემოცვაში გავზრდილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ჩემი ფუძე არასდროს მინახავს, მამა დღესაც გალში ცხოვრობს.

სამწუხაროდ, ჩვენ, დევნილ ახალგაზრდებს სხვა რეალობაში მოგვიწია გაზრდა და იმ ქალაქებში არ გავიზარდეთ, სადაც ჩვენი ადგილი იყო. პირადად ჩემი პროტესტი, რაც ჩემშია, მიემართება იმას, რომ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც იქიდან გვიყურებენ, მათთვის ვიბრძოლოთ. გალის მოსახლეობა იდენტობა დაკარგული ხალხია, ახლა ჩვენი ვალია მივცეთ სტიმული და მუხტი, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ ქვეყანას და მათაც იმედი გაუჩნდებათ, რომ ერთ დღეს ეს ხელოვნური ბარიკადები გაიხსნება და გაგრძელდება ერთიან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.