47 წლის რამაზ ლომიძე სურამში, იტრიის დასახლებაში ცხოვრობს. 16 წლის წინ საბედისწერო შემთხვევამ ხეიბრად აქცია. რამაზი წელს ქვევით მოწყვეტილია, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
რამაზს ყოველდღიურად უამრავი მედიკამენტი და სამედიცინო დანიშნულების ნივთი სჭირდება, რომლის შეძენის საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.
“დედა, მეუღლე და ძმა მივლიან. ჩემს გამო, ვერსად გასვლას ვერ ახერხებენ. სამი კაცი მჭირდება”, – ამბობს რამაზი.
მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო იღებს. სოციალური დახმარება კი, როგორც თავად ამბობს, მაღალი ქულების გამო მოუხსნეს.
“აი, ასეთ დღეში ვარ უკვე 16 წელია, ვიტანჯები”, – გვეუბნება რამაზი და იმ ჭრილობებს გვაჩვენებს, რომელიც ნაწოლებმა გამოიწვია.
რამაზმა “მოზაიკას” უამბო, როგორ მიეჯაჭვა საწოლს 32 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის გამო.
“რკინის კონსტრუქცია გადაგქვონდა მანქანით, მე მეჭირა, გადავარდა და მეც თან ჩამიყოლა. ვიგრძენი, როგორ გაჩერდა ჩემს გარშემო ყველაფერი. სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი, მაგრამ ხეიბრად დავრჩი და მას შემდედ ასე მოვდივარ, წვალებითა და ტანჯვით”, – გვითხრა მან.
რამაზი ამბობს, რომ ჭრილობების დასამუშავებლად ყოველდღიურად ესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული ხსნარები და სხვადასხვა მედიკამენტი. მისივე თქმით, რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას დასახმარებლად.
“რა ვქნა, რა გავაკეთო არ ვიცი. ხან მთავრობას ვთხოვ დახმარებას, ხან ხალხს… მთავრობამ მითხრა, პროგრამაში რაც არის, იმაზე მეტს ვერ დაგეხმარებითო. მჭირდება ანტიბიოტიკები, გამაყუჩებლები, გადასასხმელი და დასამუშავებელი ხსნარები. მაქვს ოთხი ნაწოლი და ყოველდღე დამუშავება სჭირდება. სპეციალური ლეიბი მჭირდება, ნაწოლების საწინააღმდეგო, რომელიც 4 თვეში ერთხელ იცვლება. ამ ყველაფერს ჩემი პენსიით ვერ ავუდივარ. რამდენჯერმე მივმართე დახმარების თხოვნით ხაშურის მერიას, ზოგჯერ დამეხმარნენ, ზოგჯერ ვერა”.
“ხალხს ჰგონია, შესახედად უკეთესად რომ გამოვიყურები, კარგად ვარ, მაგრამ სინამდვილეში ყოველდღე ჯოჯოხეთს გავდივარ, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. აი,მარტო ამ ხსნარში ვიხდი 50 ლარს”.
რამაზს ახლა საზოგადოების თანადგომა სჭირდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
- GE90BG0000000701195700
- მიმღები ძმა: რევაზ ლომიძე
- ტელ: 558 29 46 10