ახალი ამბები

“ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და შეუერთდეს უწყვეტ პროტესტს”

“ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და შეუერთდეს უწყვეტ პროტესტს“, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი და ხაშურის საკრებულოს წევრი ეკა პაპუაშვილი. 

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ევროპული პერპექტივის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები მასიურად შეუერთდნენ ქუჩის პროტესტს. 

“მიმდინარე მოვლენებმა და ჩვენი ხელისუფლების პოზიციამ აჩვენა, რომ ახლა ერთადერთი საშუალება, რამაც მიზნამდე შეიძლება მიგვიყვანოს, არის ბრძოლა. ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად”.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ის თავადაც უერთდება იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც თბილისში გუშინ დაიწყო. 

“პირადად მეც ვაპირებ აქციებს შევუერთდე. ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ მისი ხმა მოიპარეს, უნდა გამოვიდეს გარეთ და შეუერთდეს უწყვეტ პროტესტს. ახლა უკვე ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომელი პარტიის წევრი ხარ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა მოქალაქე განურჩევლად პარტიულობისა, უნდა იდგეს იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება”.

კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ აქციაზე წასვლის მსურველების ტრანსპორტირება. 

“ჩვენც გვაკითხავენ მოქალაქეები, ვისაც ტრანსპორტის პრობლემა აქვს და ჩვენ მათ ტრანსპორტირებაში ვეხმარებით. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს. ის მიზანი, რა მიზანიც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად მიიღწევა იმ ახალგაზრდების და ადამიანების დახმარებით, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა დიდ საფრთხეშია რუსეთის წინაშე”.

შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი