ბლოგები

რა ვნახე 26 ოქტომბერს გორის უბნებზე?

ავტორი: თეონა ფანქველაშვილი

26 ოქტომებრი: ღამის პირველი საათია და ისევ ვერ ვიძინებ. ათასი ფიქრი მომდის თავში. რამდენიმე საათში საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც დამკვირვებელი უნდა ვიყო… დრო იწელება და ყველა ფიქრი ერთად იყრის თავს. ვითომ დათმობენ მართლა ძალაუფლებას? მართლა წავლენ ამ არჩევნებით? ასე მშვიდად? ბევრი კითხვის ნიშანია.

მაშინვე მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ ცესკოს თავმჯდომარედ გოგლიკა კალანდარიშვილი დანიშნეს – ადამიანი, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ და რომელიც ვიცი, როგორი კონფორმისტია და რამდენ რამეს მოაწერს ხელს უზრუნველი და მდიდრული ცხოვრების სანაცვლოდ. 

დილის ექვსი საათზე დავიწყე გამზადება და 7-ს რომ 15 წუთი აკლდა, უკვე გორის მეცამეტე საარჩევნო უბანზე ვიყავი. შევედი, საერთო გამარჯობა ვთქვი და უცბად საარჩევნო უბნის მდივანი ნანა ბოლაშვილი მეკითხება ცინიკურად, – თეონა, მოგეწონათ ჩვენს უბანზე ყოფნა, ისევ აქ რომ მოხვედი?! გავუღიმე და თავი დავუქნიე. ყველა მტრულად არის ჩემს მიმართ განწყობილი. აგრესიას გამოხატავს დეპუტატ ანრი ოხანაშვილის რძალიც. ვგრძნობ, რომ ჩემი იქ დანახვა არავის გაეხარდა. მოგვაინებით კი გავიგე, რომ “ქოლ ცენტრი” ამ საარჩევნო უბნის წინაც იყო გახსნილი. 

არ ვაპირებდი, რომ მთელი დღე ერთ უბანზე გამეტარებინა, რადგან მობილურ ჯგუფში ვიყავი და აუცილებლად სხვადასხვა უბნებზე უნდა მივსულიყავი და რაც მთავარია სოფლებში.

მერეთი, კარბი, ფლავი, ფლავისმანი – ყველგან უამრავი მანქანა დამხვდა. ყველგან ერთი და იგივე ვნახე – ბიზნესმენების მიერ გაშლილი სუფრები, სუს-ის წარმომადგენლები, “ძველი ბიჭები” და კრიმინალური ავტორიტეტები და რაც ყველაზე სევდიანი სანახავი იყო, მასწავლებლები.

მე და ჩემი მეგობარი იქ მდგომ ადამიანებს ვეუბნებოდით, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტაციით კანონს არღვევდნენ, მაგრამ ჩვენს ნათქვამს მათთვის წონა და ფასი არ ჰქონდა. ყველა მათგანს ეტყობოდა, რომ დაუსჯელობის გარანტიები ჰქონდათ. 

გარე პერიმეტრის მონიტორინგის გარდა, შევდიოდი უბნებზეც და ვცდილობდი, ყველა კანონდარღვევის შესახებ საჩივარი დამეწერა. აქაც შეურაცხყოფას ვიღებდი – მესმოდა კომისიის წევრების შეძახილები, გმირობა მოუნდაო, კალამი არ მისცეთო.

ყველაზე გულსატკენი ის იყო, რომ ეს ხალხი მტერს ხედავდნენ ჩემში. ვერ ან არ იაზრებდნენ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასი და ყველას ერთნაირად უნდა გვადარდებდეს მისი ბედი. სტრესული იყო იმის გააზრება, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყნის მომავლის გაყიდვა შეეძლოთ და სძულდათ ყველა, ვინც ამას არ აკეთებდა, ვინც საკუთარი პრინციპების ერთგული რჩებოდა. 

ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა – ეს მახსოვს ყველა იმ უბნიდან, სადაც 26 ოქტომბერს ვიყავი. 

ამ დღეს ვერც პოლიციის მხარდაჭერა ვიგრძენი – იმ ადამიანების, რომლებიც წესით სამართალს უნდა იცავდნენ, საბოლოოდ იმ მოძალადეების დამცველებად იქცნენ, ვინც საარჩევნო უბნებზე კანონს არღვევდა. ამაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გორის მე-14 საარჩევნო უბანზე, სადაც ტელეფონი წაგვართვეს, ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ კი თავისი საქმე რამდენიმე კითხვის დასმით დაასრულა. 

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა. ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ დღის ბოლოს ყველას დიდი სიურპრიზი გველოდა და ასეც მოხდა – 11 საათზე ცესკომ გამოაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ხმების 53% ჰქონდა მიღებული. 

უიმედობის განცდა იყო პირველი, რაც ვიგრძენი, მაგრამ ეს ემოცია მალევე გარდაიქმნა ბრაზად და ამ ბრაზით ვაგრძელებ ბრძოლას დღემდე. 

ყველამ ვიცით, რომ რუსეთმა ივანიშვილის ხელშეწყობით ამ ქვეყანას 26 ოქტომბერს არჩევნები წაართვა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით – ჩვენ დავიბრუნებთ არჩევნებს და არ დავუშვებთ ამ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას. 

მართალი, პატრიოტი და არგაყიდული ადამიანების არჩევანი ურყევია – საქართველო ბოდიშს არ მოიხდის არასდროს რუსეთის წინაშე!

დატოვეთ კომენტარი