2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან გორის მუნიციპალიტეტის შემოსავალი 7.9%-თ იზრდება, რაც 6 678 000 ლარიან მატებას ნიშნავს, აქედან 998 000 ლარი მიემატება სახელფასო ფონდს, ხოლო დანარჩენი მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.
დაფინანსება გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ზრდა ყველაზე ნაკლებად ჯანმრთელობის დაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას შეეხო. მაგალითისთვის, თუ განათლების დაფინანსება 1 725 000 ლარით გაიზარდა, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში დაფინანსება გაზრდილია მხოლოდ 116 500 ლარით.
ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფაზე დასახარჯი თანხა 2024 წლის გეგმით იყო 5 157 400 ლარი, 2025 წელს კი ეს თანხა შეადგენს 5 273 900 ლარს.
- ცვლილება არ შეეხო არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისთვის გამოყოფილ თანხას და არც ხანდაზმულთა, ასევე მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვას.
- შემცირებულია ამბულატორიული მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები. მაგალითად, თუ 2024 წლის ბიუჯეტში გათვლილი იყო 585 300 ლარი, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში მითითებულია 585 000 ლარი.
“მოზაიკა” გთავაზობთ გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის 6 ძირითადი პრიორიტეტის დაფინანსების დინამიკას 2024 წელთან შედარებით:
მიმართულება | 2024 | 2025 | ცვლილება |
დასუფთავებისა და გარემოს დაცვა | 4 955 000 | 5 786 800 | გაზრდილია 831 800 ლარით |
განათლება | 13 865 000 | 15 590 000 | გაზრდილია 1 725 000 ლარით |
ინფრასტრუქტურა | 26 107 800 | 24 628 700 | შემცირებულია 1 479 100 ლარით |
კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი | 9 405 900 | 10 378 500 | გაზრდილია 972 600 ლარით |
ეკონომიკური განვითარება | 5 550 400 | 6 658 400 | გაზრდილია 1 108 000 ლარით |
ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა. დეპუტატებს შენიშვნების წარდგენა 22 ნოემბრამდე შეუძლიათ. მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.