ბლოგები

“ესაა ბრძოლა თავისუფლებისთვის” – რის წართმევა სცადა “ოცნებამ” ამ არჩევნებით?

ავტორი: გელა შარვაშიძე

ამ არჩევნებით “ქართული ოცნება” შეეცადა ქართველი ხალხისთვის გადაეწურა იმედი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ გამოუვიდათ – ამ გაყალბებას თან ახლავს ხალხის დიდი პროტესტი, რომელსაც გაჩერება არ უწერია იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და ხალხი თავის ნებას არ მიაღწევს.

არავინ შეეგუება იმ ფორმით ჩატარებულ არჩევნებს, რაც ჩვენ 26 ოქტომბერს ვნახეთ –  ბიულეტენების ჩაყრა, ხმის ფარულობის დარღვევა, ერთი და იმავე ხალხის საარჩევნო უბანზე შეყვანა და ხმის მიცემა, მიცვალებულების სიაში ყოფნა, გამსახურდიას დროს გარდაცვლილი ხალხიც კი იყო სიაში და ხმა ჰქონდა მიცემული, ეს მე დავაფიქსირე პირადად.

საწყენია, რომ ამ დანაშაულებებში უბრალო ხალხმაც მიიღო მონაწილეობა და 50 ლარებად სამშობლო გაყიდა. ყველაზე მეტად მათ გამო მწყდება გული. ევროპა ჩვენ სწორედ იმისთვის გვინდა და გვჭირდება, რომ ამ ხალხმაც გაიგოს, რა არის ღირსეული ცხოვრება. გაიაზრონ, რამდენად მონურ ყოფაში არიან ახლა, როცა ხელისუფლება დაშინებით ართმევს ხმის უფლებას. 

ხალხი გაღარიბდა, მშიერია, ამიტომ უნდა გაიღვიძოს ერმა და გადავდგათ ნაბიჯები ევროპისკენ. ამ ხელისუფლებას აყოლილმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისუფლებას ვკარგავთ, რომლის მოპოვებასაც ამდენი პატრიოტი ადამიანის, ქალის თუ კაცის სიცოცხლე შეეწირა. 

ახლა კი, გვიპირებენ წაგვართვან ენა, მამული, სარწმუნოება, თუმცა ვერ ეღირსებიან. ჩვენ ომებგამოვლილი ხალხი ვართ და სისხლის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებლობას რუსებს არ დავუთმობთ. 

პრემიების და დანამატების გამო გაყიდული ჯარისკაცი და პოლიცია შემირცხვენია, რომელიც ქვეყნის თავისუფლებაზე მაღლა ფულს დააყენებს, ასეთი ადამიანის, ასეთი სტრუქტურის იმედი, როგორ უნდა გვქონდეს ან მე და ან თქვენ? 

მაღალჩინოსნებს იმის შიში აქვთ, რომ დაკარგავენ ფულს, თანამდებობას, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ და მინდა დაფიქრდეს ქართველი ერი და დავდგეთ ერთად, მხოლოდ ერთობით მივაღწევთ გამარჯვებას.

ამ ბრძოლაში, ჩემი ორივე შვილი ჩემ გვერდითაა, მე მათ ვუსმენ, ისინი მე და ასე მივდივართ წინ. აუცილებელია, რომ ერთმანეთის მხარდამხარ და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მშობლები ჩვენი ახალგაზრდების გვერდით დავდგეთ. თავისუფლება, რომელიც ომით და ბრძოლით მოვიტანეთ, ახლა ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. 

დატოვეთ კომენტარი