ახალი ამბები

“გზა კი არა, სარბენი ბილიკია, რაც ქარელის მერიამ წვერში დაგვიგო”

გზა კი არა, სარბენი ბილიკია, რაც ქარელის მერიამ წვერში დაგვიგო“, – ასე ეხმაურებიან მოქალაქეები სასაფლომდე მისასვლელ იმ გზას, რომელიც ქარელის მერიამ სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით დააგო.

კერძოდ, როგორც “მოზაიკა” წერდა, ქარელის მერიამ “მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში” სოფელ წვერში გზის დაგებისთვის კომპანია “ხაშურგრუპი” უტენდეროდ შეარჩია. 

მოსახლეობა პროგრამის ფარგლებში დაგებული გზით უკმაყოფილოა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზა იმდენად ვიწროა, რომ მასზე ორი ავტომობილი ერთად ვერ გაივლის.

გზა კი არა, სარბენი ბილიკი უფრო არის”, – ამბობს ზაურ ქურციკიძე.

საურმო გზაა, მხოლოდ ორი ურემი აუვლის გვერდს”, – თქვა მუხრან მიქაძემ.

ორმა მანქანამ რომ გვერდი აუაროს, სიგანე10-15 სანტიმეტრით მეტი მაინც უნდა ყოფილიყო“, – ამბობენ ადგილობრივები.

ინფორმაციისთვის, სოფელ წვერში აღნიშნული გზის დაგებისთვის “ხაშურგრუპმა” 25 249.13 ლარი მიიღო. 

მთლიანობაში კი, აღნიშნულ კომპანაისთან ქარელის მერიამ წელს უტენდეროდ 41 ხელშეკრულება გააფორმა და გზების დაგება ქარელის 25-ზე მეტ სოფელში ანდო. დადებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება კი 1 783 006 ლარია. 

ამავე თემაზე: 1 783 006 ლარი ერთ წელში – ქარელის მერიამ “ხაშურგრუპს” უტენდეროდ 41 ხელშეკრულება დაუდო

დატოვეთ კომენტარი