სტატიები

1 783 006 ლარი ერთ წელში – ქარელის მერიამ “ხაშურგრუპს” უტენდეროდ 41 ხელშეკრულება დაუდო

ქარელის მერიამ სახელმწიფო პროგრამის, “მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში მიღებული დაფინანსების 74% ერთ-ერთ კომპანიაზე, უტენდეროდ გასცა. ამავე კომპანიას ადგილობრივმა ხელისუფლებამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიღებული დაფინანსების 37%-იც ჩაურიცხა და ჯამში მიმდინარე წელს, უტენდეროდ, 41 ხელშეკრულება გაუფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 1 783 006 ლარია. 


“მთელი ხაშური ლამის ჩემი გაკეთებულია”, – ამბობს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ახლა გზების დაგების, სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწყობის ვალდებულება ქარელის მუნიციპალიტეტის 25-ზე მეტ სოფელში აქვს. 

ქარელის მერიამ შპს “ხაშურგრუპს” მიმდინარე წელს 41 ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმა და ჯამში 1 783 006 ლარი ჩაურიცხა. ამ თანხის ნაწილი, 711 738 ლარი ქარელის მერიამ სახელმწიფო პროგრამებიდან, დარჩენილი ნაწილი, 1 071 268 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიღო. 

კერძოდ, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, შპს “ხაშურგრუპმა” თანხა იმ სამუშაოების გასაკეთებელად ჩაერიცხა, რომლებიც “მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის” და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეირჩა. 

შპს “ხაშურგრუპთან” ქარელის მერია გასულ წელსაც თანამშრომლობდა. მაგალითად, 2022-2023 წლებში, ქარელის მერიამ კომპანიისგან 407 919 ლარის ღირებულების სამუშაოები შეიძინა.

ქარელის გარდა, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება უფიქსირდება, ხაშურის მუნიციპალიტეტია. კერძოდ, კომპანიამ გასულ წელს ხაშურის მერიის მიერ გამოცხადებული 2 ტენდერი მოიგო და 195 081 ლარი მიიღო.

“მთელი ხაშური ლამის ჩემი გაკეთებულია, თუმცა ამჟამად, ქარელის სამ სოფელში ვმუშაობ ერთდროულად”, – უთხრა “მოზაიკას” შპს “ხაშურგრუპის” დირექტორმა, ზაზა მირცხულავამ.

“მოზაიკა” შეეცედა გაერკვია, რატომ არ თანამშრომლობს კომპანია სხვა მუნიციპალიტეტებთან, რაზეც მირცხულავამ გვიპასუხა: 

“სხვაგანაც ვმუშაობთ, მაგალითად ბორჯომში”, – გვითხრა მან. 

მიუხედავად, ზაზა მირცხულავას ამ განცხადებისა, სახელმწიფო შესყიდვების ვებ.გვერდზე ბორჯომის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ იძებნება, არც სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა ჩანს. 

კომპანიას, რომელსაც მირცხულავა ხელმძღვანელობს, ორი მეწილე ჰყავს, მამუკა თაქთაქიშვილის (33%) და ნათელა ლომიძის (67%) სახით. მათგან ადგილობრივი მხოლოდ მამუკა თაქთაზიშვილია.

დატოვეთ კომენტარი