ახალი ამბები

“ტრეფიკინგია” – მუშების მიმართ “ხაშურსერვისის” სახელფასო პოლიტიკას საზოგადოება აკრიტიკებს

“ტრეფიკინგია” – ასე ეხმაურება საზოგადოება “ხაშურსერვისის” ვაკანსიას, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალური დაწესებულება დასუფთავების მუშებს 600-ლარს სთავაზობს. 

“ხაშურსერვისში” მუშის ვალდებულება დღეში 5-6 საათი მუშაობაა – კერძოდ, ურნების დაცლა, ნარჩენების გატანა, დასუფთავება და სპეც.მანქანაზე მუშაობა.

მოქალაქეების თქმით, “ხაშურსერვისის” სახელფასო პოლიტიკა შრომის შეუსაბამო და უსამართლოა.

ორი დღის ხელფასი ნორმალურ ქვეყანაში, რა ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნავს გიორგი ოგანესიანი. 

ტრეფიკინგია? თქვენ იმუშავეთ 600 ლარად“, –  წერს დემეტრე გიორგაძე.

კარგი გათვლაა სათქვენოდ. მაგ ფულით ვერავინ წინ ვერ წავა და განვითარდება, მარა ჩამოგეკიდებათ მატერიალურად და მოგცემთ სამსახურიდან გაშვებით შანტაჟის ბერკეტს“, – ამბობს დათო ჭანკოტაძე.

ეგ ხელფასი თქვენთვის ერთი რესტორანია და ხალხმა მთელი თვე როგორ უნდა იმყოფინოს?“, – კითხულობს მაია ხაჩიძე.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, სწორედ დაბალი და შეუსაბამო ხელფასია იმის მიზეზი, რომ “ხაშურსერვისი” მუშების დამატებას ვერ ახერხებს და ამის გამო, ნარჩენების გატანის პრობლემები მუდმივად იქმნება. 

“მაგიტომ არ დადის ნაგვის მანქანა სოფლებში კვირაში ერთხელაც კი”.

მუშების ნაკლებობის გამო, საქმიანობის შეფერხებას “ხაშურსერვისში” უარყოფენ. 

მუშების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია, რომ მოსახლეობას სათანადოდ მოვმსახურებოდით. მუშების ნაკლებობა არ გვაქვს. ჩვენი სამსახურის მუშები დილის 3 საათზეც გასულან სამუშაოდ ურნების დასაცლელად. რაც შეეხება იმას, რომ ხელფასი 600 ლარია, ამას ჩვენ არ ვადგენთ. რისი საშუალებაცაა, ამ ეტაპზე იმას ვთავაზობთ“, – გვითხრეს “ხაშურსერვისში”. 

მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ცნობით, ახალი მუშები იმ ნაგავმზიდებისთვის სჭირდებათ, რომლებიც ერთი წლის წინ შეიძინეს – 2 სპეც.მანქანის შესაძენად ხაშურის მერიამ 1 000 0000 ლარი გადაიხადა. მას შემდეგ, “ხაშურსერვისმა” საჭირო რაოდენობის მუშების დამატება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია რამდენჯერმე გამოაცხადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი