ახალი ამბები

გორში, საახალწლოდ გამოყოფილი თანხის 84% დეკორაციებს, 16% კი გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება 

სოციალურად დაუცველებისთვის ნობათების დასარიგებლად, გორის მერია საახალწლოდ გამოყოფილი თანხის 16%-ს ხარჯავს. დანარჩენი თანხა კი ქალაქის მორთვას ხმარდება.

“მოზაიკამ” ბოლო სამი წლის მონაცემები დააჯამა, საიდანაც ჩანს, რომ 2022-2024 წლებში საახალწლო დეკორაციებისთვის გორის ბიუჯეტიდან – 528 930 ლარი დაიხარჯა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლოდ გადასაცემ ნობათებზე – 89 000 ლარი.

წელისაახალწლო მორთულობებზე დახარჯული თანხასოციალურად დაუცველებისთვის სასურსათო ნობათებზე დახარჯული თანხა
2024199 980 ლარი30 000 ლარი
2023222 950 ლარი30 000 ლარი
2022106 000 ლარი29 000 ლარი

მონაცემების მიხედვით, 2022-2024 წლებში საახალწლო მორთულობების ხარჯი საშუალოდ 90 000 ლარით გაიზარდა, სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი თანხა კი მხოლოდ 1 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად არც ნობათის მიმღები ოჯახების რიცხვი გაზრდილა – გასულ წლებში საახალწლო ნობათს მერია 300 ოჯახს ურიგებდა, წელს კი 333 ოჯახს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო სამზადისთვის მერიამ ტენდერები ახლახანს გამოაცხადა. წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, სამზადისის ხარჯს დეკემბერში კონცერტებისთვის დაქირავებული მუსიკოსების ჰონორარებიც დაემატება.

დატოვეთ კომენტარი