გორის ყოფილი მერი და ახლა უკვე “ქართული ოცნების” დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის ჩართულობით, დედას სასურველი მიწის უსასყიდლოდ დარეგისტრირებაში დაეხმარა.
“მოზაიკას” მიერ მოძიებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ, ქეთევან გაგნიძემ 2021 წლის დეკემბერში გორში მდებარე მიწის ნაკვეთი მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით უსასყიდლოდ გაიფორმა. საუბარია 849.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე, რომელიც გორში თამარ მეფეზე მდებარეობს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახის სხვა საკუთრებებს ესაზღვრება.
მიწის ნაკვეთის გაფორმება ყოფილი მერის დედამ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აღიარების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტით შეძლო. დოკუმენტს ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს.
“უღიარდეს საკუთრების უფლება ქეთევან გაგნიძეს ქ. გორი, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 849.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დგას ერთი დამხმარე შენობა, განაშენიანების ფართობი 28.93 კვ.მ.“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც ქეთევან გაგნიძემ გორის მერიისგან საჯარო რეესტრში წარსადგენად მიიღო.
აღნიშნული დოკუმენტის წარდგენამდე, საჯარო რეესტრმა ვერ შეძლო არქივებში ისეთი ჩანაწერის მოძიება, რითიც აღნიშნულ ფართზე გაგნიძისთვის საკუთრების უფლების აღიარებას შეძლებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ ამავე მიწის მეზობლად კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. დოკუმენტების თანახმად, მან მიწა ხვიჩა საბაშვილისგან იყიდა. როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, 850 კვ.მ ფართობის ნაკვეთში 1 000 ლარი გადაიხადეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ნაკვეთის ღირებულება 100 000 დოლარს აჭარბებს.
ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახი აღნიშნულ ქუჩაზე 8 250 კვ.მ. ფართობის უძრავ ქონებას ფლობს. მათ ნაწილს ახლა უკვე “ქართული ოცნების” დელეგატი კომერციული მიზნებისთვის იყენებს.
ამავე თემაზე: რა კომერციულ ობიექტებს ფლობს ხინჩეგაშვილი გორში და მალავს თუ არა შემოსავალს?