“უშედეგოდ ველოდი, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებას მივიღებდი, ახლა ერთადერთი გზა დამრჩა, ხალხს ვთხოვო დახმარება”, – ამბობს ქვახვრელში მცხოვრები 32 წლის გიული სადაღაშვილი, რომელსაც ექიმებმა თავში ნათხემ-ხიდის კუთხის ექსტრააქსიალური ახალწარმონაქმნი ჰიპოფიზის ადენომა დაუდგინეს.
როგორც გიული გვიყვება, ექიმთან მისვლამდე მას ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდა, ამასთან ერთად შეექმნა მხედველობის და სმენის პრობლემაც.
“დაახლოებით სამი წლის წინ თავზე გამიჩნდა ხალი, რის გამოც ექიმს მივაკითხე და თავის ტომოგრაფია გადავიღე. მაშინ ექიმმა მითხრა, რომ ყოვლ წელს მეკონტროლებინა და გადამეღო ტომოგრაფია. იმის მერე ვეღარ გავაკონტროლე, ძალიან გაძვირდა, საშუალება არ მქონდა. ზაფხულში გაუსაძლისი თავის ტკივილები დამეწყო, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ამიტომ გადავწყვიტე ექიმთან მისვლა და დადგინდა, რომ მაქვს ჰიპოფიზის ადენომა”, – გვიყვება გიული.
როგორც გიული ამბობს, ამ დიაგნოზზე ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება. ერთადერთი, რაც მას დაეხმარება, სხივური თერაპიაა, რომელიც საქართველოში კეთდება, თუმცა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალება ოჯახს არ გააჩნია.
“დიდი იმედით შევყურებდი, რომ დაფინანსებას მივიღებდი და მკურნალობას დავიწყებდი. დაფინანსებაზე განცხადება დაახლოებით ორი თვის წინ შევიტანე. მითხრეს,ორ კვირაში გეტყვით პასუხს იმიტომ, რომ ფორმა ასში წერია, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სხივური თერაპია. გავიდა ერთი თვე და არავინ რომ არ შემეხმიანა, დავიწყე დარეკვა სამინისტროში, მაიმედებდნენ ამ კვირაში მოვა პასუხი, ორ დღეში მოვა, თუმცა დაახლოებით ორი თვის თავზე უარი მომივიდა და ჩემი მოლოდინი არ გამართლდა”, – ამბობს გიული.
გიულისთვის ახლა ყველა დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება პროგრესირებს და მკურნალობის დაწყება გვიანდება.
“ერთი სხივი 15 000 ლარი ჯდება. იმისათვის, რომ წანაზარდი, რომელიც მაქვს, დაპატარავდეს სამი სხივი მაინც მჭირდება. წინასწარი გამოკვლევების ფულს აღარ ვთვლი. სრულიად სასოწარკვეთილი ვარ, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხა. ხან ვფიქრობ ყველაფერზე უარი ვთქვა და რაც იქნება, იქნება… თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ სხივური თერაპია ეს წანაზარდი გაიზრდება, რაც მხედველობას და სმენას დამაკარგვინებს. შესაბამისად, აღარც მკურნალობის დაწყებას ექნება აზრი, როგორც ექიმმა მითხრა, ვიდრე წანაზარდი პატარაა, ახლა უნდა მოხდეს დაშლა”.
გიულის ახლა მხოლოდ საზოგადოების იმედი აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
- საქართველოს ბანკი: GE53BG0000000603391751; მიმღები გიული სადაღაშვილი.
- თიბისი ბანკი: GE86TB7343745068100003; მიმღები ნუკრი სადაღაშვილი.