ახალი ამბები

გუბერნატორის მოადგილის მიერ სამსახურის გაცდენებს ადმინისტრაცია არც უარყოფს და არც ადასტურებს 

“გუბერნატორის მოადგილე სამსახურში არ დადის”, – უთხრეს “მოზაიკას”. წყაროს ცნობით, აბელ აბესაძე თვეებია სამსახურს აცდენს. 

გარდა იმისა, რომ სამსახურში არ დადის, ასევე წაყვანილი ჰყავს მის სარგებლობაში მყოფი ავტომობილი“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ამ ინფორმაციის მოწოდების პერიოდში, აბელ აბესაძის სარგებლობაში “კია სელტოსი” იყო, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვიურად 500 ლიტრი ბენზინის ხარჯი უნაზღაურდება. 

“მოზაიკას” მიერ გუბერნიის საპარკინგე სივრცის რამდენჯერმე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ავტომობილი სამუშაო საათებში ტერიტორიაზე არ იდგა. 

სად იმყოფება აბელ აბესაძე სამუშაო საათებში? – ამის გადამოწმება “მოზაიკამ” გუბერნიის ადმინისტრაციაში სცადა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ აბელ აბესაძე შვებულებით არ სარგებლობს. 

შვებულება არ აქვს. დანარჩენ დეტალებზე თავად მას დაუკავშირდით“, – გვითხრა ციკო შაქარაშვილმა. 

აბელ აბესაძეზე საუბარი არც გუბერნატორის მეორე მოადგილემ ისურვა. 

ვერაფერს ვერ გეტყვით მაგ საკითხზე“, – გვითხრა თემურ ხუბულურმა. 

რაც შეეხება თავად აბელ აბესაძეს, მან “მოზაიკას” უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ სამსახურში ყოფნას არ გულისხმობს. 

რა თქმა უნდა, დავდივარ. რა თქმა უნდა, რეგიონში ვმუშაობ. რა თქმა უნდა, მარტო სამსახურში და ოთახში არ ვზივარ. რეგიონში შედის ოთხი მუნიციპალიტეტი, საჭიროებისამებრ, გადავაადგილდები სხვადასხვა ქალაქებში“, – გვითხრა აბელ აბესაძემ.

აღსანიშნავია, რომ აბელ აბესაძის მიერ სამსახურის გაცდენების შესახებ ინფორმაცია ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ გავრცელდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები