სტატიები

“რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ” – უსაფრთხოების ექსპერტები

რატომ გვჭირდება დეზინფორმაციის და პროპაგანდის მხილება, რა გავლენას ახდენს ჩვენზე ჰიბრიდული ომი და როგორ უნდა დავიცვათ თავი რუსული გავლენებისგან? – ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით Neo TV მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით ხვდებოდა და გადაცემების ციკლს ამზადებდა.


არ სჭირდება რუსეთს ბომბი და იარაღი, კოლაბორაციონისტი მთავრობის დახმარებით ამყარებს კონტროლს ჩვენს ქვეყანაზე“, – ამბობს ოთარ კვირიკაშვილი, რომელიც კრემლის საფრთხეებისა და ჰიბრიდული ომის შესახებ მომზადებული გადაცემების თანაწამყვანია. 

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში? – ამ თემის გარშემო გადაცემებს Neo TV საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ამზადებდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რუსეთის რბილი ძალის გავლენა საქართველოზე არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. ნინო ჩიბჩიური არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.

ფაქტები ადასტურებს, რომ ჩვენ დიდი ხანია ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით, აუცილებელი არაა აქ შეიარაღებული დაპირისპირება ხდებოდეს და ბომბები ფეთქდებოდეს, ომის მიზანია კონტროლის მოპოვება კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც ნამდვილად აქვს რუსეთს საქართველოში. ვფიქრობ, სწორედ ასეთ დეტალებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტები ქართულ მედიასივრცეში და რუსულ საფრთხეებზე სისტემატურად უნდა მიდიოდეს დისკუსიები, რაც საზოგადოების აზრის ფორმირებას შეუწყობს ხელს და მოქალაქეები ბრმად აღარ ენდობიან იმ ნარატივებს, რაც მიზანმიმართულად კრემლისგან მომდინარეობს და თავისთავად გავლენას ახდენს არჩევნებზეც“, – ამბობს ნინო ჩიბჩიური. 

Neo TV-ის გუნდი, გადაცემების მომზადების პარალელურად, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებსაც ხვდებოდა. გუნდის წევრების თქმით, ჰიბრიდული ომის გავლენა მოქალაქეთა განწყობებზე მკაფიოდ სწორედ პირისპირ კომუნიკაციის დროს იკვეთება. 

არჩევნების წინ ერთგვარი კამპანია იყო წარმოებული იმის შესახებ, რომ თუ მმართველი გუნდი არ მიიღებდა ხმათა უმრავლესობას, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა, თუმცა არ ახსენებდნენ იმას, თუ ვინ დაიწყებდა ამ ომს. თუ რუსეთი, ე.ი საფრთხეა ეს ქვეყანა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხებს მოქალაქეთა ნაწილი არ ეძებდა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საზოგადოება მოწყვლადია პროპაგანდის მიმართ და ამის გამოსწორებას სჭირდება საზოგადოების ინფორმირება იმაზე, თუ ბრძოლის რა მეთოდებს იყენებს რეალურად რუსეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაფერხებლად“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 

წინასაარჩევნო პერიოდში, ორგანიზაციამ 5 გადაცემა მოამზადა, სადაც სტუმრები აანალიზებენ იმ საფრთხეებს, რომელთა გამწვავების რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გაზარდა. 

დივერსიული ჯგუფების, აგენტურის გამოყენებით ლამის სრულფასოვნად მოახერხეს ტვინების რეცხვა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მთავარი ჯგუფის“, – ამბობს ერთ-ერთ გადაცემაში თინა ხიდაშელი. 

Neo TV გადაცემების ჩაწერას განაგრძობს, რადგან როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ გადაუდებელ ამოცანად უნდა იქცეს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და რუსული საფრთხეების უწყვეტ რეჟიმში მხილება. 

ხალხს აჯერებდნენ, რომ ხმის დამთვლელ აპარატებს ინეტრენტთან წვდომა არ ჰქონდა და მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო. არავინ განმარტავდა, რომ აპარატებთან დაკავშირება და მასზე მანიპულაციების განხორციელება სხვა საშუალებებითაცაა შესაძლებელი, რაც კრემლზე დაქვემდებარებული შესაბამისი სამსახურებისთვის პრობლემა არ იქნებოდა. ანუ ფაქტია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, კრიტიკული აზრის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და რუსული საფრთხეების მუდმივი განხილვა, მისი კიბერპოტენციალის გათვალისწინებით გადაუდებელ ამოცანად იქცა”, – აღნიშნავს ჩიბჩიური. 

Neo TV გადაცემებს დანიის სამეფოს,  “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ამზადებდა. პროექტის მიზანი პროპაგანდის მხილება, დემოკრატიულ პროცესებზე მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდა და რუსული საფრთხეების გამოვლენა/აქტუალიზება იყო.

“ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ვფიქრობ, რომ ეს აქცენტები უნდა გასდევდეს ყველა პროექტს, რასაც სამოქალაქო სექტორი განახორციელებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მედიას ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში შევძლოთ რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება და მოქალაქეებისთვის ფაქტბზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის საპირწონედ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.