სტატიები

“პროტესტი აუცილებლად მოიტანს შედეგს” – მოსაზრებები არჩევნების შემდგომ აქციებზე

ის მუხტი და სულისკვეთება, რომელიც არსებობს მოქალაქეებში, აუცილებლად მოიტანს შედეგს და “ქართული ოცნება” დარჩება ძალაუფლების გარეშე”, – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მასიურად გაყალბდა.

| “ის მუხტი და სულისკვეთება, რომელიც არსებობს მოქალაქეებში, აუცილებლად მოიტანს შედეგს და ხელისუფლება დარჩება ძალაუფლების გარეშე”.

მოქალაქეების თქმით, პროტესტის ხილვადობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ქუჩის აქციებია. როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანია ევროპამ დაინახოს, რომ საზოგადოება არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ართულმა ოცნებამ” ჩაიდინა დანაშაული მთელი ერის წინაშე, გააყალბა არჩევნები, დაარღვია კონსტიტუცია და ცდილობს მიიტაცოს ამ ქვეყნის თავისუფლება, მომავალი, არჩევანი. ამ დროს მოქალაქეებს აქვთ უფლება და ვალდებულება დაიცვან საკუთარი უფლებები და სახელმწიფოს ღირსება. სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, როგორ იშლებიან ავტორიტარული რეჟიმები, მაგრამ ის მუხტი და სულისკვეთება, რომელიც არსებობს მოქალაქეებში, აუცილებლად მოიტანს შედეგს და ხელისუფლება დარჩება ძალაუფლების გარეშე”, – ამბობს ლექსო ვალიაური.

| “მტკიცე ნაბიჯებით უნდა გავაგრძელოთ პროტესტი და ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა”.

საპროტესტო აქციებს უერთდება საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანო ბალიაშვილიც. მისი თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ხელისუფლება ამომრჩევლის მოთხოვნას არ შეასრულებს და ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

“ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და მიიტაცა არჩევნები. მე, როგორც პარტიული აქტივისტი და რიგითი მოქალაქე, ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ მონაწილეობას პროტესტის გამოხატვის ყველანაირ პროცესში. ამ არჩევნების ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს არ აღიარებს ქართველი ხალხი და არ აღიარებს ცივილიზებული მსოფლიო. ამიტომაც მტკიცე ნაბიჯებით უნდა გავაგრძელოთ პროტესტი და ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა”, – აღნიშნავს ანო ბალიაშვილი.

| “ეს არის გრძელვადიანი პროცესი, თუმცა შედეგზე ორიენტირებული”.

იმის, რომ უწყვეტი პროტესტი შედეგს აუცილებლად მოიტანს, სჯერა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრ ირაკლი მილაძესაც. ის თვლის, რომ ძალაუფლება ახლა ხალხის ხელშია და თუ მოქალაქეები არ დაიღლებიან, ავტორიტარული ხელისუფლება აუცილებლად ჩამოიშლება.

“პერმანენტულმა აქციებმა დაგვანახა, რომ თბილისის პარალიზება შეგვიძლია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, თუმცა შედეგზე ორიენტირებული. პირადად მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს და თავს შევაკლავ ამ ბრძოლას. ორსული მეუღლე მყავდა კასპის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად. დღეს ორსული მეუღლე სახლში მელოდება იმედის თაველით, რათა ჩვენმა შვილმა რუსულ დღის წესრიგში არ იცხოვროს. ასე იბრძოდნენ ჩვენი მამები და დედები 9 აპრილს. ეს ბედი გვხვდა წილად და არ ვაპირებ ჩემი ბრძოლა სხვას გადავაბარო. მე ვარ საქართველო და ჩემი შვილი იქნება ღირსეული საქართველოს მემკვიდრე”, – ამბობს ირაკლი მილაძე.

| “ისტორიულად ყოველთვის ევროპისკენ მივიწევდით და ყოველთვის ცდილობდა ჩვენი მოძრაობის შეფერხებას ჩრდილოელი მეზობელი”.

წინააღმდეგობების მიუხედავად, ქართველი ხალხი ვალდებულია იყოს ძლიერი და უსამართლობის მიმართ გამოხატოს პროტესტი, – ამბობს პაატა მაჩიტაძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

“უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა არც არჩევნებით იწყება და არც მისი შედეგების გამოქვეყნებით მთავრდება. ისტორიულად ყოველთვის ევროპისკენ მივიწევდით და ყოველთვის ცდილობდა ჩვენი მოძრაობის შეფერხებას ჩრდილოელი მეზობელი. უნდა გვესმოდეს, რომ ახლაც ეს ვითარებაა. ჩვენი წინაპრები ბევრად უფრო დიდ სირთულეებს გადაეყარნენ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ვიდრე გაყალბებული არჩევნებია. მათი წარმატების საიდუმლო ის იყო, რომ წინაღობები საკუთარ სიძლიერედ აქციეს – ასე მწამს მე და ასე ვაფასებ ისტორიულ, თუ ამჟამინდელ რეალობას”, – ამბობს პაატა მაჩიტაძე.

მოქალაქეებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი ნაწილი, სასამართლოებში წარდგენილი საჩივრებით, ამ დრომდე ითხოვს არჩევნების შედეგების გაბათილებას. შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველი იყო, ვინც არჩევნების გაყალბების პასუხად მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.