ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ საქართველოს მოქალაქეები, ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი.
საოკიპაციო რეჟიმის ცნობით, მათ პატიმრობის ვადა ამოეწურათ.
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.
“ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დირბში მცხოვრები ხაჯარატ ახვლედიანი 28 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ დააკავეს, გორელი გიორგი რომელაშვილი კი – 8 ივნისს ცხინვალის მიმდებარედ.