გორის ბაღების სააგენტომ მე-4 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაშავების ფაქტზე მოკვლევა დაასრულა. როგორც სააგენტოში “მოზაიკას” უთხრეს, მოკვლევა აღმზრდელისთვის გაფრთხილების მიცემით დასრულდა.
საუბარია ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დაზარალებული ბავშვის მშობელმა გაავრცელა. დედა ამბობდა, რომ დღის ბოლოს შვილი ბაღიდან სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით წამოიყვანა, რასაც ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები მოჰყვა. როგორც მშობელმა გვითხრა, მისი შვილის დაზიანების შესახებ დაგვიანებით შეატყობინეს და არც ექთანი ჩააყენეს საქმის კურსში. აღსაზრდელის დედის თქმით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს.
ამავე თემაზე: “ბავშვს სეფსისი განუვითარდა, ჩაუტარდა ოპერაცია” – რა მოხდა გორის მე-4 ბაღში?
მომხდარ ფაქტს სააგენტო ერთი თვის განმავლობაში იკვლევდა. მათი განმარტებით, ფაქტობრივი და იურიდიული შესწავლა დასრულდა და აღმზრდელს შინაგანაწესის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელმა გაფღთხილება მისცა.
“მე-4 საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევის შესახებ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლა დასრულდა, რის საფუძველზეც, დაწესებულების აღმზრდელის მიმართ გამოყენებულ იქნა, შინაგანაწესის თანახმად, საყვედურის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმა -გაფრთხილება. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელსა და მშობელს შორის შედგა კომუნიკაცია. შედეგად, მშობლის მიერ საბავშვო ბაღის პერსონალის მიმართ გაჟღერებული ყველა საჩივარი იქნა გათვალისწინებული”, – განმარტავს სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, მშობელმა აღსაზრდელი სხვა ბაღში გადაიყვანა.