სტატიები

მიწებით ვაჭრობა და დამალული შემოსავლები – ვინ როგორ იყენებდა თანამდებობას ქარელის მერიაში?

მიწების დასაკუთრება მეგობარი მერის ხელმოწერის საფუძველზე და უძრავი ქონებით ვაჭრობის რამდენიმე-წლიანი ისტორია, რომელიც ზაზა გულიაშვილის ახლობლის და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის.

“მოზაიკას” მიერ შეგროვებული დოკემენტები პასუხობენ კითხვებს, თუ როგორ დააგროვა უძრავი ქონება ვახტანგ თურქაძემ, ვის მიყიდა მერის თანხმობით დარეგისტრირებული მიწები და როგორ მალავდა საკუთარ შემოსავალ-გასავლებს წლების განმავლობაში. 

ამავე თემაზე: როგორ გაიფორმა გულიაშვილის გარემოცვამ სახელმწიფო მიწები ქარელის მერიის დახმარებით?


ზაზა გულიაშვილის მეგობარი ვახტანგ თურქაძე დღემდე ქარელის მერიაში მუშაობს. ის ახლა განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე, 8 წლის განმავლობაში თურქაძე აუდიტის სამსახურის უფროსი იყო. 

სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, 2013 – 2022 წლებში, მისი საკუთრება გახდა ელბაქიაანთკარში, ჭოგნარში, ლოშკინეთში, ტყემლოვანასა და ქვათათეთრში მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური ფართობი დაახლოებით 2 ჰექტარია. ამ ქონების თითქმის ნახევარი მან სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ქარელის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო. მაგალითად:

  • 2015 წელს, თვითმმართველობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ვახტანგ თურქაძემ პირად საკუთრებაში დაირეგისტრირა ელბაქიაანთკარში მდებარე 3 240.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
  • 2017 წელს, ქარელის მერიის აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, მის საკუთრებაში გადავიდა ლოშკინეთში მდებარე 3 653.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
  • 2019 წელს, ქარელის მერიის აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, პირად საკუთრებაში დაირეგისტრირა ტყემლოვანაში მდებარე 2 778.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
  • 2020 წელს, უშუალოდ ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის წერილის საფუძველზე, პირად საკუთრებაში დაირეგისტრირა ელბაქიაანთკარში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში, 905 კვ.მ ფართობის. 

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში თურქაძე მიწის ნაკვეთებს კერძო პირებისგანაც ყიდულობდა, თუმცა უძრავი ქონებისთვის გაღებულ ხარჯებს ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახავდა. კერძოდ, თურქაძის დეკლარაციებში არ ჩანს, თუ რა ფასად შეიძინა

  • 2013 წელს – 1 614.00  კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი ელბაქიაანთკარში;
  • 2017 წელს –  664.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე;
  • 2020 წელს – 1 449.00 კვ.მ. მიწის ნაკევთი ელბაქიაანთკარში;
  • 2020 წელს – 1 208.00 კვ.მ მისი ნაკვეთი ქარელში
  • 2021 წელს – 403.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქვათათერში;
  • 2021 წელს – 2 305.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქვათათეთრში;
  • 2021 წელს – 696.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელბაქიაანთკარში
  • 2023 წელს – 56.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან; 

მეტიც, ქარელის მერიის აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში უძრავ ქონებასაც მალავდა. მაგალითად, 2021 და 2022 წელს შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნავდა, რომ მის საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ იყო. 

მიწების გასხვისება – ახალი მფლობელები და დამალული შემოსავლები

“მოზაიკას” მიერ შეგროვებული დოკუმენტების თანხამად, ვახტანგ თურქაძე ეტაპობრივად ასხვისებდა იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც მერიის თანხმობის საფუძველზე ირეგისტრირებდა. აღსანიშნავია, რომ მიწების ახალი მფლობელები დიდწილად ისევ მერიის თანამშრომლები და  “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები ხდებოდნენ. მაგალითად:

  • სახელმწიფოსგან შეძენილი მიწის ნაკვეთი, შეძენიდან 8 დღეში ლაშა ლურსმანაშვილს მიყიდა, რომელიც იმ დროს მერის წარმომადგენელი იყო ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში. 
  • ქარელის მერის თანხმობით საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ელბაქიაანთკარში მირზა ხაბარელს მიყიდა – ადამიანს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობის პარალელურად, მუშაობს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაში – მწვრთნელად, ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებაში –  ძიუდოს მწვრთნელად და ამავდროულად, არის თავისივე სახელობის ძიუდოს კლუბის დირექტორი. 
  • თვითმმართველობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი დავით თედოზაშვილს მიყიდა, რომელმაც ქარელის მერიისგან მიღებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე 13 128 კვ.მ. მიწა დაირეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ თედოზაშვილისთვის მიყიდული მიწა თურქაძემ რამდენიმე თვეში ისევ თავად იყიდა. 

უძრავი ქონებით ვაჭრობის ისტორიაში, ფიქსირდება მიწების საკუთარი შვილისთვის მიყიდვის შემთხვევებიც:

  • აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიღებული 2 778.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელბაქიაანთკარში, საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვახტანგ თურქაძემ საკუთარ შვილს საბა თურქაძეს მიყიდა;
  • ასევე საკუთარ შვილს მიყიდა ელბაქიაანთკარში მდებარე 1 208.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიც, რომელიც 2020 წელს შეიძინა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწების გაყიდვა ვახტანგ თურქაძემ 2020 წლიდან დაიწყო. მაგალითად, 2020 წელს მან ელბაქიაანთკარსა და ლოშკინეთში მდებარე ჯამში 4 მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომელთა ჯამური ფართობი 5 835 კვ.მ. იყო, თუმცა 2021 წელს წარდგენილ დეკლარაციაში არ აუსახავს შემოსავალი, რომელიც მიწების გაყიდვიდან მიიღო. 

ამ დროისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის საკუთრებაში რჩება 8 000 კვ. მეტრამდე ფართობის უძრავი ქონება, თუმცა ბოლო დეკლარაციაში ის მხოლოდ ერთ, ქარელში მდებარე 27,94 კვ.მ ფართობის ბინას აფიქსირებს.

რას წერია კანონში? 

თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას “საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” ავალდებულებს. ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლები კი თანამდებობის პირებისგან ითხოვს:

  • კანონის მე-15 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული იმ უძრავი და მოძრავი ნივთების ჩამონათვალს, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგ ოდენობას, ნივთის სახეობის, მესაკუთრის, საბაზრო ღირებულების და უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მითითებით; 
  • კანონის მე-16 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრის მიერ შეძენილი ან/და გასხვისებული იმ უძრავი ან/და მოძრავი ნივთის შესახებ, რომლის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას, ნივთის სახეობის, შეძენის ან/და გასხვისების ფორმის და ფასის (საფასურის), უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის და იმ ორგანოს მითითებით, რომელმაც მოახდინა შეძენის ან/და გასხვისების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება; 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მეოცე მუხლის თანხმად, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად. 

ამავე მუხლის მიხედვით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კანონდამრღვევი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო განთავისუფლებას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.