“მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია ბათილად ვერ ცნობს კენჭისყრაში მონაწილე ათასობით ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ყუთებში მოთავსებული ბიულეტინების დათვლის შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ კენჭისყრის შედეგებს”, – ასე უპასუხა ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივარს, რომლითაც ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.
“საია” აღნიშნულ საჩივარში ამბობდა, რომ არჩევნების დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება.
” “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეო-კამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს, ვერიფიკაციის აპარატებს, ხმის მიცემის კაბინებს და საარჩევნო ყუთს. ბიულეტინის ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს, არღვევს ხმის ფარულობას და ნების თავისუფალ გამოვლენას”, – ნათქვამი იყო საჩივარში.
ხაშურის საოლქო კომისიამ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არადამაჯებლად მიიჩნია და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა, გაბათილებულიყო საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგები, არ დააკმაყოფილა.
არჩევნების დღიდან, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 საჩივარი შევიდა, რომლებიც ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევასა და საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეხებოდა.