სტატიები

შიდა ქართლში არჩევნების გაყალბების ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან 

“მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ჩატარდა, შევაგროვებთ და გავუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს”, – ამბობს ნინო ჩიბჩიური, “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი. 

ორგანიზაცია შიდა ქართლში, მთელი დღის განმავლობაში, არჩევნებს 10 უბანზე აკვირდებოდა. გარდა ამისა, ორგანიზაცის ჰყავდა 5 მობილური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უბნებზე არსებულ სიტუციას აკვირდებოდნენ. 

დილიდან საღამომდე ვაკვირდებოდით პროცესს იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ძველი წესით ჩატარდა. ჩვენი მობილური ჯგუფები კი გადაადგილდებოდნენ და დარღვევებს აღწერდნენ. შეგროვებულ მტკიცებულებებს ერთად შევკრებთ და გავუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა თუნდაც შიდა ქართლის მაგალითზე დადასტურდეს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულ გარემოში. აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეიქმნას, რომლებიც გამოიძიებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ჩიბჩიურმა. 

მან არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების წარმომადგენლებს ის დარღვევები წარუდგინა, რომლებიც მისი ორგანიზაციის დემკვირვებლებმა დაადოკუმენტირეს. 

მასიურად ხდებოდა დაშინება, ერთი და იმავე პიროვნების მიერ ორჯერ ხმის მიცემა. ასევე, უბნის მიმდებარედ მობილიზებული  იყვნენ ყოფილი პატიმრები და სამართალდამცავები, რომლებიც ღიად ეწეოდნენ აგიტაციას და არც მალავდნენ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ. განსაკუთრებული ზეწოლიც ქვეშ იყვნენ უფროსი ასაკის ადამიანები“, – აღნიშნა ჩიბჩიურმა. 

საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კანონდარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას საჭიროდ მიიჩნევენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც არჩევნების პროცესს თავადაც აკვირდებოდნენ. 

ადამიანები, რომლებიც ღირსეულები უნდა ყოფილიყვნენ, პედაგოგები, დირექტორები, იურისტები თუ საჯარო მოხელეები, ჩვეულებრივად ჩართულები იყვნენ მთელ ამ ამბებში. უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ყველა ეს ადამიანი ისე უნდა დაისაჯოს, რომ ვეღარავინ გაბედოს ამ ქვეყანაში არჩევნების მიტაცება“, – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა, რომელიც კენჭისყრის პროცესს ატენის საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.  

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებებია შეგროვებული არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დასაყენებლად. მათი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ არჩევნების შედეგები ხალხმა არ აღიაროს.

ყველამ იცის შესანიშნავად, რაც მოხდა. მე როგორც რიგითი მოქალაქე მზად ვარ გავიღო ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ სწორ გზაზე გაყვანას ხელს შეუწყობს. მგონია, რომ შედეგი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ადამიანს ექნება მსგავსი განწყობა“, – აღნიშნა მინდია გოდერძიშვილმა, კოალიციის “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ “არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის” წარმომადგენლებიც. ინფორმაციისთვის, აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას. 

დატოვეთ კომენტარი