სტატიები

როგორ გაიფორმა გულიაშვილის გარემოცვამ სახელმწიფო მიწები ქარელის მერიის დახმარებით?

ქარელში, ძამას ხეობაში მდებარე მიწები ეტაპობრივად გადადიოდა ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის გარემოცვის მფლობელობაში – სახელმწიფო ქონების დანაწილების პროცესი რამდენიმე წელი გრძელდებოდა და შედეგად, ლოშკინეთში, იმერხევში, კრობანში და ტყემლოვანაში მდებარე მიწის ნაკვეთები გულიაშვილის ახლობლების ნოდარ თურმანიძის, ვახტანგ თურქაძის და ზვიად იმერლიშვილის საკუთრებაში გადავიდა.  

საუბარია ჯამში სულ მცირე 20 000 კვ. მ.  ფართობის სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც ახალი მფლობელების საკუთრება ქარელის მერიაში არსებული აღიარების კომისიის თანხმობით გახდა. 

აღიარების კომისიამ ქარელის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება 2013 წელს დაიწყო. აღნიშნული კომისიის მიზანი იყო, კონკრეტულ მიწის ფართის მესაკუთრის ვინაობა დაედგინა და ეღიარებინა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 

ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა ძამის ხეობაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი აღსრულების კომისიის საშუალებით დაისაკუთრა. რისთვისაც მან მერიის თანამშრომლები და აღიარების კომისიის თავჯდომარეები გამოიყენა სხვადასხვა წლებში და რაც მთავარია, ეს ქონებები ახლობლებზე დაარეგისტრირა“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, მიწების დანაწილების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში კომისიებს ნუგზარ დაბრუნდაშვილი და ვლადიმერ სულაქველიძე ხელმძღვანელობდნენ. სწორედ მათი ხელმოწერებია საკუთრების უფლების აღიარების იმ დოკუმენტებზე, რომელზე დაყრდნობითაც იუსტიციის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ახალ მფლობელს ურეგისტრირებდა. 

მიწის ფლობასთან დაკავშირებით, კომისიის წევრების მიერ, წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად,  ადგილზე შესწავლილ იქნა საკითხი და მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება”, – ვკითხულობთ დოკუმენტებში, რომლებიც კომისიის მიერ იუსტიციის სამინისტროში წარსადგენად გაიცემოდა. 

ამგვარი ურთიერთთანამშრომლობით, ძამას ხეობაში მდებარე სახელმწიფო ქონებები, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის ფორმით, შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 2017 წელს, ლოშკინეთში მდებარე 3 653 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა ვახტანგ თურქაძეს;
  • 2017 წელს იმერხევში მდებარე 1 950 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ნოდარ თურმანიძეს;
  • 2018 წელს იმერხევში მდებარე 2 697 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ნოდარ თურმანიძეს;
  • 2018 წელს ტყემლოვანაში მდებარე  8 167 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ზვიად იმერლიშვილს; 
  • 2019 წელს, კრობანში მდებარე 1 173 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ნოდარ თურმანიძეს;
  • 2020 წელს ტყემლოვანაში მდებარე 2 778 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა ვახტანგ თურქაძეს. 

როგორც “მოზაიკას” მერიის თანამშრომელი უყვება, მიწების დანაწილების პროცესს ვახტანგ თურქაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ პერიოდში მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი იყო. 

სწორედ ვახო თურქაძე აწერინებდა ხელს მერიის თანამშრომლებს მიწების გასაფორმებლად საჭირო საბუთებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდებოდა მერთან შეთანხმებით. ვიცი, რომ ისეთი შემთხვევაც იყო, როცა თურქაძემ სხვის ნაცვლად მოაწერა ხელი“, – გვითხრა მერიის თანამშრომელმა. 

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტს სოფლის რწმუნებულები გასცემდნენ. ისინი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ მათ სოფელში მდებარე ფართი კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნოდა. 

“მიწების დასარეგისტრირებლად საჭირო საბუთების შეგროვების პროცესში იძულებით რთავდნენ მერის წარმომადგენლებსაც. ამ საქმეს შეეწირა 2 წლის წინ ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეულის მაშინდელი წარმომადგენელი ზაზა ელბაქიძე, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და გადადგა”. 

წყაროს ცნობით, ამ რამდენიმეწლიანი პროცესის შესახებ ინფორმაციას ფლობენ სამართალდამცავი უწყებებიც, თუმცა ჯერჯერობით თანამდებობის ბოროტად გამოყენებით სახელმწიფო ქონების მიტაცებისთვის იურიდიული პასუხისმგებლობა არავის მიმართ არ დამდგარა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ თურქაძე ახლა მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსია, ხოლო ზვიად იმერლიშვილი მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება, ნოდარ თურმანიძეს ის ქარელის ავტოსადგურის დირექტორია.

დატოვეთ კომენტარი