ჩვენთან არჩევნები არ ჩატარებულა. ეს იყო რუსების მიერ დაგეგმილი სპეცოპარცია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელით ჩაგვიტარეს. ეს ყველამ ვიცით და თუ ვინმე ამას არ აღიარებს, ის უბრალოდ მოღალატეა.
ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ ის დარღვევები, რაც უბნებზე ხდებოდა და ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ შეგროვებული მტკიცებულებები მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ. თუმცა მე ჩვენი ხალხის მოღალატეობა მაწუხებს – ადამიანების, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალი 50 ლარად გაყიდეს, მარტივად, მხოლოდ საკუთარ კუჭებზე ფიქრით.
ვერ ვიჯერებ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 12 წელში მოახერხა და ჩვენი ხალხის ღირსება კუჭამდე დაიყვანა – ნუთუ აღარაფერი აინტერესებს ხალხს, ნუთუ სულ ერთია, რომ რუსეთზე ყიდიან ქვეყანას. როგორ შეიძლება პროტესტი არ გიჩნდებოდეს, როცა ხედავ, რომ არჩევნებს გიტარებენ დაშინებით, მოსყიდვებით, “კარუსელებით”, “ტიტუშკების” მობილიზიებით?
და ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ამაზე ღირსეული პასუხი “ქართულ ოცნებას” ვერც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა სოფლებმა გასცეს – იმ სოფლებმა, სადაც რუსეთის აგრესიის საკუთარ ყოველდღიურობაში გრძნობს ხალხი.
კირბალში ვიყავი არჩევნების დღეს. სოფელში, სადაც რუსებმა თამაზ გინტური მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ სალოცავის კარი შეაღო. სწორედ ეს შევახსენე იმ ხალხს, ვინც საარჩევნო უბნებთან იდგნენ და მისულ ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მხარდაჭერას სთხოვდნენ.
მე წარმოდგენა არ მაქვს ამ, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის სანაცვლოდ მიღებული ფული სახლში როგორ მიაქვთ, როგორ უყურებენ შვილებს თვალებში ან როგორ შეუძლიათ შეხედონ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს სახეში, ვინც რუსულმა აგრესიამ შეიწირა. მტკივნეულია, მაგრამ მე ბევრი ფულზე გაყიდული ადამიანი ვნახე ჩემს გარშემო, ქვეყანა რომ პრაქტიკულად ერთ სადილში გაცვალეს.
მაგრამ გუშინ აქციაზე წავედი და მივხვდი, რომ ბევრი გაყიდული და მოღალატე ადამიანის არსებობის მიუხედავად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიკარგავს. პირიქით, ძალიან ბევრნი ვართ ისინი, ვისაც გვაქვს ძალა და ენერგია ბრძოლის გასაგრძელებლად.
ქვეყანას, რომ ოლიგარქი მართავს, ეს დიდიხანია ვიცით – ტოტალიტარულ რეჟიმში გადავყავართ ივანიშვილს და ეს არ უნდა დავუშვათ. უფრო ძლიერად და შემართებით უნდა დავიწყოთ ბრძოლა, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, არ უნდა დავთმოთ სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა.
მე ერთი, უბრალო, ქვეყნის მოყვარული ადამიანი ვარ და ამ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება ამ ბრძოლაში გაილიოს.