სტატიები

“ქართულმა ოცნებამ” ვერცერთი ხმა ვერ უნდა მიიტაცოს” – NGO-ების და პარტიების შეხვედრა გორში

“ქართული ოცნება” სხვადასხვა ფორმებით ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლას, – ამბობენ გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და არჩევნების დღეს გასათვალისწინებელი გარემოებების მიმოხილვისთვის შეხვედრა “ქართულმა მედია ჯგუფმა” გამართა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, ეს მათი მხრიდან ახალი არ არის, მაგრამ უშუალოდ არჩევნების დღეს დამკვირვებელები და ის მედიასაშუალებები, რომლებიც არჩევნებს გააშუქებენ, უნდა იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ გამოგვეპაროს არც ერთი დეტალი”, – ამბობს NeoTV-ის წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი.

ოპოზიციის თქმით, “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად ეცადა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების შეზღუდვას, ამისთვის კი მიმართავდა მოსყიდვას, დაშინებას და შანტაჟს. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა მამუკა ფანიაშვილმა.

“მაგალითად, გახდა თუ არ ცნობილი, ვინ იქნებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები არჩევნებზე, ქართულმა ოცნებამ მაშინვე დაიწყო მათზე ნადირობა და ჩვენდა სამწუხაროდ, ადამიანების რაღაც ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბთ ჩაგვიხსნეს. ბუნებრივია მათი განზრახვაა, რომ არჩევნები გააყალბონ. ასევე მოსახლეობას აშინებენ, რომ დაინახავენ და გაიგებენ, თუ ვის მისცეს ხმა, რაც მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეუძლებელია. დაიწყეს ოჯახებში მისვლა და ასე ჯიგრულად ეუბნებიან, რომ თუ შენ არ ხარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, საერთოდ არ მოხვიდე არჩევნებზეო”, – აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.

ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა გელა შარვაშიძემაც. მისი ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტები ჩამოართვეს. ის ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლება მოქალაქეების ხმის მიტაცებას ცდილობს.

“ვიცით, რომ მოსახლეობას, ჯარისკაცებს ჩამოართვეს პირადობები და ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ დაუბრუნებენ. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ დახურულ ზონებს, რომ აქედან დიდი ხმები არ მიიტაცონ. ყურადღება უნდა გამახვილდეს პრობლემურ უბნებზე, როგორიცაა ხიდისთავი, დიცი, ტყვიავი, მერეთი, ფლავი, ფლავისმანი. აუცილებელია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ ყურადღებით, რადგან  ამ უბნებზე რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლა მეტია”, – განმარტა შარვაშიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრი ეთერ ჯალაღანია დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნება” ამომრჩევლის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამიტომ ეცდება ხმების გასაყალბებლად ის საარჩევნო უბნები გამოიყენოს, სადაც ხმის მიცემა ძველი წესით მოხდება.

“არის უბნები სადაც კომისიის თავმჯდომარეები არიან საჯარო მოხელეები და ალბათ მათ გამოიყენებენ იმისთვის, რომ გამოიყენონ ის პირადობები, რომლებიც მათ უკვე მზად აქვთ, ეს ის ხალხია, რომელიც სხვადასხვა მისამართებზე უნებართვოდ ჩაუწერეს. მე პირადად მქონდა შემთხვევა, 10 სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემს მისამართზე ჩაწერილი, მე გადავამოწმე და ამოვწერე, მაგრამ ახლაც იქნება მსგავსი ფაქტები, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – განმარტა ჯალაღანიამ.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების მიუხედავად, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს და მოქალაქეეები საკუთარი ხმების დაცვას შეძლებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.