საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა, საქართველოს მასშტაბით, გახნილია 3 044 საარჩევნო უბანი, აქედან შიდა ქართლში 199 უბანია.
“მოზაიკა” შეეცადა შეეგროვებინა ფაქტები და კომენტარები, რა დარღვევები გამოვლინდა და როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო შიდა ქართლში.
| “ადამიანებზე ტერორი და დაშინების მცდელობები იყო”
“ადამიანებზე ტერორი და დაშინების მცდელობები იყო”, – ამბობს პარტიის “ახალი” წევრი, მინდია გოდერძიშვილი.
მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაშინებისა და შეცდომაში შეყვანის გზით ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას.
“ატყუებნენ, რომ თუ “ოცნებას” არ მისცემენ ხმას, გაიგებენ, პენსიას გაუუქმებენ, სოციალურს მოუხნიან და ასე შემდეგ. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ისიც თქვა, რომ მის ცოლთან იყვნენ, 100 ლარი შესთავაზეს ხმის მიცემის სანაცვლოდ”, – ამბობს მინდია გოდერძიშვილი.
| “იყო შემთხვევევები, როცა ადგილები არ დაგვიტოვეს სააგიტაციო მასალის გასაკრავად, გავაკრავდით და ეგრევე ხევდნენ”.
სააგიტაციო მასალის გავრცელებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ კოალიცია “ერთიანობის” წარმომადგენლები.
მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ მათი კამპანიისთვის ხელის შეშლას.
“ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში, კარდაკარის დროს ადამიანები მოგვიგზავნეს, რომლებიც ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობნენ და უნდოდათ პროვაკაციაზე წამოგება, თუმცა ჩვენ თავი ავარიდეთ ყველანაირად. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა კასპის მერიის მძღოლმა, რომელიც მერიის მანქანით გადაადგილდებოდა, სცადა ხელის შეშლა, შეურაცხყოფას გვაყენებდა, გვაგინებდა და ასე შემდეგ”.
| “ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”.
წინასაარჩევნო შეხვედრებსა თუ ღონისძებებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობენ ორგანიზაციები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს უწევენ.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრეს.
“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო, როცა შეხვედრებზე იწვევდნენ დელეგატად დასახელებულ კანდიდატებს, ასევე ასეთ შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი 6 საათის მერე არ უკრძალავს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას, ეს მაინც ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, რადგან ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. დარღვევა იყო ასევე, საპარლამენტო სიაში მყოფი პირების გორის სახალხო ზეიმზე გამოსვლა და ხალხისთვის სიტყვით მიმართვა”, – ამბობს ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” იურისტი, თეა თედლიაშვილი.