ახალი ამბები

“ხალხი ვის ადარდებს?!” – გორის ავტოსადგურის მიკრო-ავტობუსები “ოცნების” აქციაზე მიჰყავთ 

“ვის ადარდებს, რითი წავალთ?! ან ხალხი, საერთოდ ვის ადარდებს?!”, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელმაც ავტოსადგურში მისვლისას გაიგო, რომ მიკრო-ავტობუსები სოფლების მიმართულებით აღარ გავლენ. 

როგორც “მოზაიკას” მძღოლებმა უთხრეს, ისინი შუადღიდან მუშაობას წყვეტენ, რადგან წუხელ მიღებული მითითების მიხედვით, “ქართული ოცნების” აქციაზე პარტაქტივის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყონ.

“წუხელ დაგვირეკეს, 12 საათი იქნებოდა და გვითხრეს, რომ დღის თორმეტი-პირველი საათვის უნდა დავასრულოთ მუშაობა, მივიდეთ და “ქართული ოცნების” აქციაზე წავიყვანოთ ხალხი“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა. 

ავტოსადგურში ამბობენ, რომ ეს მიკრო-აბტობუსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების პირველი შემთხვევა არაა. 

ჩვენ მიკროავტობუსები ეკუთვნის “ბუქოს”. გუშინ გვითხრეს, ხვალ აქციაზე მიდიხართო. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ახლაც იგივე ხდება“, – გვითხრა კიდევ ერთმა მძღოლმა. 

პროცესში ჩართულობას შპს “ბუქო 777”-ის  ხელმძღვანელობა უარყოფს და ამბობს, რომ მძღოლებმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. 

მძღოლები არის ყველაზე რთული კონტიგენტი, თავის დროზე სტალინმაც კი თავი დაანება. ვინც ფულს უხდის, ყველას წაიყვანენ, გინდ ნაციონალები იყვნენ, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიგია, მასეთი რამე რომ ყოფილიყო, დისპეჩერი დამირეკავდა და გამაფრთხილებდა. მე საქმის კურსში უნდა ვიყო ყველა ვარიანტში. შეიძლება ვინმე მიდიოდეს, მაგრამ მე მართლა არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია“, – გვითხრა ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

ფაქტია, რომ ამ დროისთვის ავტოსადგურში მიკროავტობუსების მიმოსვლა შეწყვეტილია. ადგილზე მისულ მგზავრებს კი სოფლებში წასავლელად ტაქსით მგზავრობა უწევთ. 

ინფორმაციისთვის, დღეს “ქართული ოცნება” აქციას 19:00 საათზე მართავს – შეკრებას მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას უწოდებს. 

დატოვეთ კომენტარი