ბლოგები

რატომ უნდა მივცეთ ხმა ცვლილებებს?

ავტორი: ლაშა ჯიოშვილი

არჩევნები საუკეთესო საშუალებაა, რომ ჩვენთვის, ჩვენი შვილებითვის და ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის საჭირო ცვლილებებს მივაღწიოთ. რატომ გვჭირდება ცვლილებები? – მგონია, რომ ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი გვაქვს და სწორედ ეს პასუხია იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეთა მაქსიმალური აქტიურობა იქნება საარჩევნო უბნებზე.  

ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი ანწუხელიძის საქართველოსა და ჩამყაყებულ საბჭოთა კავშირს შორის, ჩვენ გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი თავისუფლებასა და მონობას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ და მომავალზე ორიენტირებულ არჩევანს, რადგან სწორედ ევროპული არჩევანია ის, რაც რეალურად არის მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში, 

მმართველმა პარტიამ ამ წლების განმავლობაში საზოგადოებაში დათესა შიშის და უიმედობის განცდა, მაგრამ ფაქტია, ვერ მოახერხა იმ სწრაფვის და სულისკვეთების ჩაკვლა, რაც ჩვენს ხალხს აერთიანებს და რომელსაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის სურვილი ჰქვია – საქართველოს მოსახლეობის 85% სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და ფაქტია, რომ სწორედ ეს ხალხი გასცემს “ქართული ოცნების” ანტიევროპულ, ანტიდემოკრატიულ და პრორუსულ პოლიტიკას საკადრის პასუხს ერთ კვირაში. 

წლების განმავლობაში, ევროკავშირმა მილიონობით ლარის ინვესტიცია ჩადო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი კულტურული ძეგლების დაცვისთვის, ჩვენი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ჩვენს ქალაქებში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ჩვენი განათლების და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამ სიკეთეების პასუხად კი,  “ქართული ოცნება” ცდილობს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მტრის ხატი შექმნას.

26 ოქტომბერს, არჩევანის გაკეთებამდე, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ძალის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიკეტება, რაც ყველა იმ სიკეთის გაქრობას ნიშნავს ჩვენი ცხოვრებიდან, რასაც ახლა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან ვიღებთ. 

ასევე, ყველა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ერთი ხმა ამ ქვეყანას დააბრუნებს ევროინტეგრაციის რელსებზე და ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენს შესაცვლელს სხვა ვერ შეცვლის. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა ამის ნათელი მაგალითი, როცა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა სულ რაღაც ექვსი ხმით გაიმარჯვა, აი ესაა ხალხის ძალა.

არასოდეს თქვათ, მე რას შევცვლი – ერთი “მე” მთლიანობაში ვართ “ჩვენ” და ზუსტად ჩვენ შეგვიძლია საარჩევნო ურნებთან მისვლით და პოზიციის დაფიქსირებით, დავიწყოთ რეალური ცვლილებები. ევროკავშირი ერთი ხელის გაწვდენაზეა, უბრალოდ ჩვენ უნდა გავუწოდოთ ეს ხელი, შემდეგ კი მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რაც ევროპის ნაწილად ყოფნას მოაქვს.

მჯერა, ერთ კვირაში შევხვდებით გამარჯვებულ, ევროპულ საქართველოში.

დატოვეთ კომენტარი