თბილისში დაგეგმილ მარშს “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მოქალაქეები გორიდანაც უერთდებიან.
“დიდძალი ხალხი მიდის გორიდან. დღესდღეობით ყველაზე მეტად ჩვენ ქვეყანას სჭირდება ევროპა იმისთვის, რომ ხალხმა შვება იგრძნოს. ნორმალური პენსია გვქონდეს, ნორმალური ხელფასი და ხალხმა იმ გაჭირვებას დააღწიოს თავი, რომელშიც ამ ხელისუფლებამ ჩააგდო“, – ამბობს გოჩა ბზიშვილი.
ერთ-ერთი, ვინც გორელებს ტრანსპორტირებაში ეხმარება, გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მარში მასშტაბური იყოს.
“ეს ევროპული მარში არის იმის მაჩვენებელი, რომ ქართველი ხალხი არის ევროპის მხარეს და არა ეგუება ამ ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ვირჩევთ ევროპულ, ცივილურ და ნათელ მომავალს და არა – რუსულ სიბნელეს“, – განაცხადა ბაბაევმა.
მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” თბილისში 17:00 საათზე სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება. .
კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება და კონცერტი გაიმართება.
“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე. საქართველო ირჩევს ევროკავშირს!“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.