სტატიები

რა კომერციულ ობიექტებს ფლობს ხინჩეგაშვილი გორში და მალავს თუ არა შემოსავალს?

გაქირავებული კომერციული ფართები – სად ფლობს “ქართული ოცნების” დელეგატი ობიექტებს, როგორ აქირავებს მათ და ასახავს თუ არა შემოსავლებს დეკლარაციაში?

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კომერციულ ობიექტებს გორში, თამარ მეფის N116-ში ფლობს. აღნიშნულ მისამართზე “ქართული ოცნების” დელეგატის საკუთრებაში სულ 7 ინდივიდუალური ობიექტია, ნაკვეთის ფართობი კი ჯამში 6 429 კვ.მეტრია. 

აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სახელმწიფოსგან აუქციონის წესით 2018 წელს შეიძინა და იქ ობიექტების მშენებლობა დაიწყო. ბოლო მონაცემებით კი, ტერიტორიაზე მდებარე 7 ობიექტიდან 6 იჯარით აქვს გასხვისებული. 

2021 წლიდან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეიჯარე მისი სიძე და ყოფილი მძღოლი ზურა გაბოძეა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში ასევე მის წარმომადგენლად ფიქსირდება. 

“რეალურად, მაგ ობიექტების მართვა აქვს ზურაბ გაბოძეს ჩაბარებული. ეგ აგვარებს მაგ ობიექტების გაქირავების საკითხს სხვა კომპანიებზე, ანუ ლადოს ეხმარება მაგ საქმეში. მერობის დროსაც საკუთარ მძღოლად ჰყავდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

როგორც ირკვევა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მის საკუთრებაში არსებულ ფართებს, უკვე წლებია, საკუთარი სიძის დახმარებით აქირავებს. ამას ადასტურებს ზურაბ გაბოძეც და ამბობს, რომ თითო ობიექტის თვიური იჯარა ამ დროისთვის დაახლოებით 2 500 დოლარია. 

“ეს ობიექტი გაქრიავებულია ქსელურ სუპერმარკეტეში და ქირა თვეში 2 500 ლარია. იგივე ფასად ქირავდება გვერდით მდებარე კომერციული ფართიც”, – გვითხრა გაბოძემ. 

აღსანიშნავია, რომ კომერციული ფართების გარდა, ხინჩეგაშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ავტოსამრეცხაო, ავტომომსახურების ცენტრი და მანქანისთვის საჭირო ინვენტარის სავაჭრო ობიექტიც. 

“ამბობენ, რომ ეგ ლადო ხინჩეგაშვილის სამრეცხაოა და “ბოქსებია”. აქ ყველამ ასე იცის”, – გვითხრეს დასახლებაში. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რამდენია აღნიშნული ობიექტებიდან მიღებული თვიური შემოსავალი, თუმცა ფაქტია, რომ ეს რიცხვი ყოელთვიურად ათასობით ლარია.

ეს შემოსავალი კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დეკლარაციაში ასახული არ აქვს – გრაფა “იჯარიდან მიღებული შემოსავალი” მის არც ერთ დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.