ადამიანები ისტორიები

“ქართული პროდუქტის ევროპაში გატანა მნიშვნელოვანია” – “ხილისი” თორტიზიდან

ამერიკის და ევროპის ბაზარი უდიდესი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, – ამბობს თორტიზაში მცხოვრები მაკა სირბილაძე, რომელიც ხილისგან ძმარს ამზადებს.

მეწარმე ქალისთვის მთავარი მიზანი ქართული პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანა და რეალიზაციაა.

“მინდა ევროპის ბაზარზე გავიდეს ჩვენი პროდუქტი. მგონია, რომ ეს ყველა მეწარმისთვის საუკეთესო საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც გვყავს მომხმარებელი, ამერიკის და ევროპის ბაზარი უდიდესი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს”, – ამბობს მაკა.

მაკამ 5 წლის წინ ვაშლის ძმრის წარმოება სახლის პირობებში, ოჯახის წევრების დახმარებით დაიწყო. სახლში დაკრეფილ ხილს დედასთან ერთად ხელით ამუშავებდა, რეცხავდა, ფრცქვნიდა და დასაძმარებლად ამზადებდა.

 “არანაირი პირობა არ გვქონდა, როდესაც ვაშლის ძმრის დამზადება დავიწყე, იყო მხოლოდ ვაშლი, რომელიც ჩვენ მოგვყავდა. პირველად მცირე რაოდენობის ოჯახისთვის დავამზადე, იმდენად მოგვეწონა, გადავწყვიტე, ეს საქმე განმევითარებინა და წარმოება გამეზარდა. ამის შემდეგ ჩვენი პროდუქტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიებშიც გამოჩნდა”, – გვიყვება მაკა.

წარმოების პროცესში მაკამ აღმოაჩინა, რომ ეს საქმე პროფესიულ ცოდნას მოითხოვდა, ამიტომ კურსების გავლა გადაწყვიტა და სასწავლებლად ევროპაში წავიდა. გვიყვება, რომ იქიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა იდეა სხვადახვა ხილის ძმარი დაემზადებინა, ახლა მისი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია.

“ვამზადებ ბროწეულის, ვაშლის, ქლიავის, კომშის ძმარს, ინგრედიენტებში არ ვიყენებ ქიმიურ მინარევს, ამიტომ არის ეკოლოგიურად სუფთა. ამასთან ერთად დავიწყე ბალზამიკოს წარმოება, რომელსაც ალუბლისგან და მაყვლისგან ვამზადებ, მსგავსი პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ არის. მე ვარ პირველი, ვინც ამის წარმოება დავიწყე”.

მაკასთვის შემდეგი ნაბიჯი და მთავარი საფიქრალი მცირე საწარმოს აშენება იყო, ამიტომ პროექტი დაწერა და გრანტიც მიიღო, ასე გაჩნდა “ხილისი”.

“ყველაფრის ხელით მომზადება ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა, ამიტომ გადავწყვიტე შრომა შემემსუბუქებინა და გრანტზე მეფიქრა. ჩემი შესაძლებლობებით დავწერე პროექტი და “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში თანადაფინანსება მოვიპოვე. ამ თანხით ავაშენე მცირე საწარმო და შევიძინე ტექნიკა, რომელიც პროდუქტის დამუშავებაში მეხმარება. ახლა უკვე მაქვს ხილის და ბოთლის სარეცხი დანადგარი, თავსაფრების მოსახუფი და ჭურჭელი, რომელში გამზადებული ხილი დასაძმარებლად გადამაქვს, ამან საქმე საგრძნობლად გაამარტივა”.

მაკამ რამდენიმე წლის წინ მაყვლის და ალუბლის ბაღი გააშენა. გარდა საკუთარი პროდუქტისა, ის ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც იბარებს. 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც საკმაოდ ბევრი ხილი გვაქვს, ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვიღებ და ამით მათ საკუთარი პროდუქტის რეალიზაციაში ვეხმარები. ამ პერიოდში რამდენიმე ადამიანის დასაქმებაც შევძელი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გვეხმარებიან”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.