მარინე ლომინაშვილი პროფესიით იურისტია, მრავალი წელი იმუშავა ადვოკატად, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ხელსაქმით დაინტერესდა და ნაქსოვი თოჯინების დამზადება დაიწყო.
“თოჯინების კეთება ერთგვარი განტვირთვაა ჩემთვის, თუმცა ნელ-ნელა საყვარელ საქმედ იქცა”, – გვითხრა მან.
მარინემ საკუთარი ნაწარმი ქალაქის ცენტრში “გორის დღის” ფარგლებში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე გამოიტანა. ის “მოზაიკას” თოჯინების დამზადების ტექნიკასა და სირთულეზე ესაუბრა.
“ამ პატარა თოჯინის გაკეთებას უნდა ერთი დღე და რაც უფრო პატარაა, მით უფრო რთული გასაკეთებელია წვრილი დეტალები. პირველად ჩემს შვილიშვილს გავუკეთე და ძალიან მოეწონა, ამის მერე დავინტერესდი და ნელ-ნელა ბევრი სათამაშო გავაკეთე. ხატვა ვიცი და ესეც მეხმარება ამ საქმეში, რადგან შემიძლია წარმოვიდგინო, პატარ-პატარა დეტალებისგან ბოლოს რა შედეგს მივიღებ”, -გვითხრა მარინემ.
ამბობს, რომ მიუხედავად შრომატევადი საქმისა, ჯერჯერობით ბევრი თოჯინის გაყიდვას ვერ ახერეხებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებას განავითარებს და მისი თოჯინებით ფართო აუდიტორიას დააინტერესებს.
“გაყიდვით რომ გითხრათ, ბევრი იყიდება-მეთქი, არაა ეგრე. ხშირად ვჩუქნი ხოლმე კიდეც. ქალაქში უამრავი ადამიანი მიცნობს და ყველას ჰყავს პატარა, მათ ვჩუქნი ხოლმე. ანტიალერგიული ძაფითაა ყველა გაკეთებული, არის ყველანაირად უსაფრთხო. ზოგჯერ არის, რომ შეკვეთებსაც მაძლევენ და ვამზადებ მათთვის სასურველ თოჯინას. უფრო მეტად უცხოელები ყიდულობენ”.
მარინეს სურვილი აქვს, რომ მისი შექმნილი თოჯინები პოპულარული გახდეს, ამისთვის კი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.
“თუკი გამოჩნდება რაიმე პროგრამა, რომელშიც შემეძლება პროექტი დავწერო, შემდეგ დაფინანსება მივიღო, აუცილებლად ვცდი. ძალიან ბევრი მსმენია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ, რომლებმაც ხელი შეუწყეს მცირე მეწარმეებს. ამაზე კარგი რა იქნება, თუკი ასეთ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას ექნება მხარდაჭერა”.