სტატიები

“ოცნება” იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს”- მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საუბნო კომისიებში

გორის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე კომისიები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით დაკომპლექტდა.

ცესკო -ს მიერ “მოზაიკასთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გორის ოლქში შემავალ არაერთ უბანზე მერიის, ა(ა)იპ-ებისა და საკრებულო თანამშრომლები კომისიის თავმჯდომარეები ან წევრები არიან.

მაგალითად, გორის N2 საარჩევნო უბანზე საკრებულოს 3 თანამშრომელია კომისიის წევრი – კერძოდ, ამ უბანზე არჩევნებს ჩაატრებენ ინგა ტარიელაშვილი, ლელა ბზიშვილი და შორენა შოშიაშვილი.

კომისიის წევრებს შორის არიან მერიის თანამშრომლებიც, მაგალითად: ირმა პაპიძე N9 უბანზე, ეკატერინე კაპანაძე N6 უბანზე, ლელა მაისურაძე და ირინა ყაზარაშვილი N7 უბანზე.

საუბნო კომისიებში არიან ასევე მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და თანამდებობის პირების ნათესავები.

კომისიების საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა სიმრავლის მიუხედავად, გორის საოლქო საარჩევნო კომისია იწრმუნება, რომ წევრების შერჩევა ერთადერთი კრიტერიუმით, მათი პროფესინალიზმის გათვალისიწნებით მოხდა.

“წევრების არჩევისას ჩვენ ვხელმძვანელობდით საკანონმდებლო ჩარჩოთი. მათ გამოცდები აქვთ ჩაბარებული. ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს ამა თუ იმ კავშირის დადგენა. საარჩევნო ადმინსტრაციამ მოუწოდა ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით სუბიექტებს, რომ კომისიების არჩევის პროცესში, სტიგმატიზაციას და წევრების დისკრედიტაციას ნუ შეეცდებოდნენ. ვიღაცა ვიღაცის ნათესავი, რომ არ იყოს, ხომ გამორიცხულია?!”, – გვითხრა ლევან ისაკაძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიის ამ განცხადების და საუბნო კომისიების შემადგენლობის პასუხად, ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების ჩატარებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს.

| “ოცნება” ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და ამისთვის ყველა რესურსს იყენებს”.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსი სხვა არჩევნებზეც გამოუყენებია, თუმცა ამჯერად ხელისუფლების გეგმა ვერ იმუშავებს, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები 26 ოქტობერს საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ისინი ცდილობენ მათ ხელარსებული ყველა საშუალება გამოიყენონ, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ. საუბნო საარჩევნო კომისიებზე ადამიანებს ვერ ნახულობენ და ცდილობენ მათთან დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვინც დღეს არიან “ქართული ოცნების” სამსახურში, 26 ოქტომბერს მიიღებენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და “ოცნებას” ეტყვიან უარს”, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წევრი ბექა ქორჩილავა.

| “ხელისუფლება ცდილობს წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული პარტაქტივი ახლა სათავისოდ ამუშაოს”.

ოპოზიციის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს არჩევნები ჩაატაროს იმ ადამიანების ხელით, ვინც წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე ნეპოტისტურად ჰყავდათ დასაქმებული.

“წლებია “ქართული ოცნება” უკონტროლოდ ასაქმებს ა(ა)-იპებსა და მერიის სამსახურებში საკუთარ პარტაქტივს, რომელსაც საჭიროების დროს, უნდა ცოცხებს დააჭერინებს და აქციაზე გაირეკავს, უნდა საარჩევნოდ გამოიყენებს. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი და ამას მოწმობს საუბნო კომისიებში უხვად წარმოდგენილი მერიის, აიპებისა და საკრებულოს თანამშრომლები. თუმცა, ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ, უკვე პარტაქტივის დიდმა ნაწილმაც კი ზურგი აქცია “რუსულ ოცნებას”. ახლა მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი ხმის მნიშვნელობა და გააკეთოს ნამდვილი ევროპული არჩევანი 26 ოქტომბერს“, – ამბობს კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომადგენელი მაკა კოჭლამაზაშვილი.

| “საარჩევნო უბნებზე პარტაქტივის ყოფნა მოწმობს, რომ “ქართულ ონცებას” სურს, როგორღაც გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე”

ოპოზიციის თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებისგან დაკომპლექტებული კომისიების მიუხედავად, “ქართული ოცნება” არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს, რადგან მათ ნდობა და მხარდაჭერა იმ ადამიანებშიც დაკარგეს, რომლებიც ამას წინასაარჩევნოდ ხმამაღლა არ ამბობენ.

საარჩევნო უბნებზე პარტაქტივის ყოფნა მოწმობს, რომ “ქართულ ონცებას” როგორღაც გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ვინაიდან, ძალიან კარგად იციან რა შედეგით დასრულდება არჩევნები, თუკი სამართლიან პირობებში ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა არიან მობილიზებულნი, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალონ“, – ამბობს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი შმაგი ხუბულური.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.