ახალი ამბები

ნანა ტერმაკოზაშვილის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ISFED დაიცავს

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსის ნანა ტერმაკოზაშვილის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სამართლიანი არჩევნები” დაიცავს. 

ორგანიზაცია მოითხოვს  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი კონკურსის გამართვას, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით.

“მოვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს გასაუბრების ეტაპი, გამჭვირვალე და წინასწარ ცნობილი კრიტერიუმებით, იმიტომ რომ კრიტერიუმები  არ იყო წინასწარ ცნობილი და ოქმშიც ვერ ვნახეთ. ოქმში მხოლოდ ის წერია, რომ შეფასდა ცოდნა გამოცდილება, კვალიფიკაცია და უარი ეთქვა. ნამდვილად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 6 წლის განმავლობაში თუ გამოცდილება ვერ დავაგროვე, კვალიფიკაცია არ მყოფნიდა და ცოდნა არ მქონდა, ან ის წლები რატომ ვიყავი, ვინმეს აქვს პასუხი?”, – აღნიშნავს ტერმაკოზაშვილი.

ტერმაკოზაშვილის თქმით, არ აქვს იმედი, რომ სასამართლო კომისიის გადაწყვეტილებას გააუქმებს.

“იმედი იმისა, რომ სასამართლო ბათილად ცნობს კომისიის გადაწყვეტილებას არ მაქვს, მითუმეტეს დანიშნულია კონკურსის წესით რესურსცენტრის უფროსი, თუმცა მგონია რომ, როგორც მინიმუმ ოქმში უნდა იყოს კონკრეტული ჩანაწერი, რა კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე”, – ამბობს ნანა.

ნანა ტერმაკოზაშვილი რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას 6 წელი იკავებდა. ვადის ამოწურვის შემდეგ, მან კვლავ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა სამინისტრომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა, რასაც ტერმაკოზაშვილი საკუთარ პროევროპულ ღირებულებებს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ISFED-ის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში მოხვდა. ორგანიზაცია, ტერმაკოზაშვილთან ერთად, სასამართლოში კიდევ 6 ადამიანის ინტერესებს იცავს, ვისაც განათლების სამინისტროს მიმართ იდენტური მოთხოვნები და პრეტენზიები აქვთ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები