სტატიები

რას ეუბნება “ოცნების” დელეგატი ამომრჩევლებს და რა ხდება რეალურად?

“ჩვენ გვაქვს მშვიდობა”, – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებისას იმეორებენ. ამ გზავნილს თან ერთვის ომის შიშის დათესვისა და სიძულვილის გაღვივებისკენ მიმართული გზავნილები, – ამის დასტური კი ერთ-ერთი ის შეხვედრაა, რომელიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე გამართა. რას ეუბნება “ქართული ოცნების” დელეგატი ამომრჩეველს და როგორია რეალობა?

“მშვიდობა” 500 კმ-იანი საოკუპაციო ხაზისა და 2 550 გატაცებულის ფონზე

გორი-კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” დელეგატობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მშვიდობა არის “ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარი, რადგან იქამდე, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე იქნება და მისი მტკიცებით, ომის საფრთხესთან გამკლავება მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეუძლია.

2012 წლის არჩევნები საზოგადოებას კარგად გახსოვს, მაშინ ქართველი ხალხი გაერთიანდა და აჩვენა ერთობა. ავირჩიეთ ქართული ოცნება და იმის მერე 12 წელია ხელისუფლებაშია და მშვიდობიანად მართავს ქვეყანას. ამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების” ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მშვიდობა.  ამაყი ვარ, რომ „ქართული ოცნების” გუნდის წევრი ვარ. იქამდე, სანამ რუსეთ-საქართველოს ომი არ დარულდება, ჩვენს მშვიდობას საფრთე უდგას“, – ეუბნება ამომრჩეველს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. 

არადა, „ქართული ოცნების” მესიჯბოქსი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ზუსტად იგივე იყო. ზუსტად იმავეს ეუბნებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს. დღეს კი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აჟღერებს ზუსტად იმავეს, რასაც 4 წლის წინ ხოჯევანიშვილი ეუბნებოდა ამომრჩეველს.

როგორ გამოიყურება “მშვიდობა” 2012 წლის შემდეგ? 

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა. 2013 წლიდან კი, ე.წ. ბორდერიზაციამ ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. ამ წლის დასაწყისში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების მეშვეობით ტერიტორიის გაყოფის პირველი მაგალითი გორის მუნიციპალიტეტში, მერეთსა და ქსუისში დაფიქსირდა, საოკუპაციო ხაზის  სიგრძემ ამ დროს დაახლოებით 4 კმ შეადგინა.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღემდე გრძელდება და ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზის მთლიანი სიგრძე 500 კმ-ს შეადგენს. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.

რუსული საოკუპაციო ძალები და რუსეთის მხარდაჭერილი რეჟიმები, 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს უკანონოდ აკავებენ და ჰექტრობით მიწის ფართობს იკავებენ. ეს პროცესი დღემდე უწყვეტად მიდინარეობს. 2013 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ჯამში აფხაზეთისა და ცხინვალის მიმრთულებით, უკანონოდ დაკავების 2 550 შემთხვევა დაფიქსირდა.

ფოტო: ამერიკის ხმა

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდშივე, 2014-2023 წლებში, რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა დამნაშავეებმა საქართველოს 7 მოქალაქე მოკლეს. მათ შორის, ცემით და წამებით.

შიშის და სიძულვილის გაღვივების მცდელობა “ქართული ოცნების” საარჩევნო გზავნილებში 

“ქართული ოცნების” დელეგატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება. მაგალითად, კომბინატის დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი. 

საკუთარ მიმართვებში ისინი ახსენებენ გარე და შიდა მტრებს, რომლებსაც მათივე სიტყვებით, სარწმუნოების წართმევა და არეულობის მოწყობა სურთ. 

მივიღეთ სხვადასხვა კანონები და ხელოვნურად შექმნეს ქაოსი და სხვადასხვა სახელი დაარქვეს ამ კანონებს – გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი, იმიტომ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, მოახდინონ არეულობა – ეს არის მათი, ქვეყნის მტრების ინტერესი შიგნით არიან თუ გარეთ არიან”, – ეუბნება ხინჩეგაშვილი გორელებს. 

ხინჩეგაშვილის შემდეგ, ამომრჩევლებს თამაზ შიოშვილი მიმართავს, რომელიც ამბობს, რომ  “შიდა და გარე მტრებს” სარწმუნოების და ტრადიციების წართმევა სურთ. 

ჩვენ ევროპას ვერ გავარკვირვებთ ლამაზი ცათამბრჯენებით, ლამაზი ინფრასტრუქტურით, იმ ხალხს გავაკვირვებთ რითი – სტუმარ-მასპინძლობით, კულტურით, ჩვენი ადათ-წესებით, ვაჟკაცობით, ის რაც გაგვაჩნია და ზუსტად ამას დაუდგა საფრთხე. ზუსტად ამას გვართმევენ – არ მინდა ასეთი ქვეყანა, სადაც ბოდიში და აღლუმზე თუ პარადზე, აქციებზე გამოვლენ და გათხოვილი კაცები ეკლესიას წაგვიბილწავენ და ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს შეურაცხყოფას მიაყენებენ“, – ამბობს თამაზ შიოშვილი.

შეხვედრაზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ “ქართული ოცნების” წევრებს ადგილზე მობილიზებული ადამიანები არ სთხოვენ დაკონკრეტებას, თუ ვინ არიან ამ ქვეყნის შიდა და გარე მტრები ან ვისგან ემუქრება ქვეყანას სარწმუნოების წართმევის საფრთხე. ერთადერთ მოქალაქეს კი, რომელიც კითხვის დასმას ცდილობს, შეხვედრის ადგილს ატოვებინებენ. 


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩეველს არ ესაუბრება იმ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეთა ყოველდღიურობის ნაწილია და რომელთა მოგვარებაც აუცილებელია ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამის ნაცვლად, მმართველი პარტია მხარდაჭერის მოპოვებას შიშის დათესვით და სიძულვილის გაღვივებით ცდილობს.

გარდა ამისა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად აიგნორებენ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, რომელთა მიხედვითაც, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდება და ამ საკითხზე ამომრჩევლებთან ან არ საუბრობენ ან ეუბნებიან, რომ ხელისუფლებაში დარჩენით შეძლებენ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახადონ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.