“ქართული ოცნება” ოპოზიციის შევიწროვებისთვის თავის დამკვირვებელ ორგანიზაციებს არეგისტრირებს, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წევრი ვასილისა ჯაბახიძე და ამის დასტურად ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი მოჰყავს.
კერძოდ, “რეგიონალური მართვის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა” გორის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ ვასილისა ჯაბახიძე კომისიის წევრობის პარალელურად საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჩივრის წარდგენის მომენტში ვასილისა ჯაბახიძე უკვე აღარ იყო კომისიის წევრი.
“საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაწერეს ჩემს წინააღმდეგ და ცდილობენ ჩემს განეიტრალებას, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა აღნიშნული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს დოკუმენტაციაში ჩაეხედათ და ამის შემდეგ დაეწერათ საჩივარი, იმიტომ რომ 30 სექტემბერს მე საოლქო კომისია დავტოვე, შესაბამისად პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემი აგიტაციაში ჩართვა, საჩივარი კი 11 ოქტომბერს შეიტანეს.”
როგორც “მოზაიკას” პარტიაში უთხრეს, 30 სექტემბრის შემდეგ, ვასილისა ჯაბახიძე კომისიის წევრი აღარ არის. ენმ-ის გადაწყვეტილებით, ის არჩევნებს, როგორც პარტიის წარმომადგენელი, ასე დააკვირდება. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობით, მას პარტიულ აგიტაციში მონაწილეობა აღარ ეკრძალება.
“საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით 30 სექტემბერს მიმართეს, მაშინ როცა მე უკვე მოხსნილი ვიყავი კომისიის წევრობიდან და ეს საოლქო საარჩევნო კომისიამაც იცოდა, თუმცა მან წარმოებაში მაინც მიიღო აღნიშნული საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა“, – ამბობს ჯაბახიძე.
კოალიციის “ერთიანობა” წევრები ამ ფაქტს ოპოზიციაზე ზეწოლად აფასებენ.
რა ვიცით საჩივრის ავტორების შესახებ?
“რეგიონალური მართვის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ცენტრი” 2015 წელს, მაია გამყრელიძემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან, ორგანიზაციას ანა გამყრელიძე მართავს.
ორგანიზაცია ოფიციალურად თბილისშია რეგისტრირებული და წესდებაში საარჩევნო პროცესების მონიტორინგი გაწერილი არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაციის მიერ გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია არსად იძებნება. მეტიც, ორგანიზაცია არ იძებნება არც ერთ სოციალურ პლატფორმაზე.