ადამიანები ისტორიები

“ცხობის სიყვარული დედისგან გამომყვა” – ხათუნა კვარიანთაშვილის ჯინჯერის ორცხობილები 

ხათუნა კვარიანთაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ცხოვრობს. ხელნაკეთი ტკბილეულის დამზადება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ცდილობს ამ მიმართულებით საქმიანობა განავითაროს. 

“ჯერჯერობით ხელნაკეთ პროდუქტს არც ისე დიდი დაფასება აქვს. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ რახან ხელითაა დამზადებული, იოლია და განსაკუთრებული შრომა არ ჭირდება”, – გვეუბნება ხათუნა კვარიანთაშვილი და საკუთარი ხელით დამზადებულ ნუგბარს გვჩუქნის. 

ფერად-ფერადი ტკბილეული მისთვის გამოყოფილ დახლზე აქვს დაწყობილი და ცდილობს მისი პროდუქცია გამვლელებს გააცნოს. 

“ვამზადებ ჯინჯერის ორცხობილებს. დამზადება საკმაოდ რთულია. იხატება და იჭრება ხელით. მე თვითონ ვაკეთებ  ყველაფერს, მოხატული არის შაქრის ფხვნილით”, – ამბობს ხათუნა. 

ამბობს, რომ ორცხობილების დამზადება დედის შთაგონებით დაიწყო და ეს საქმე თანდათან უფრო შეუყვარდა. 

“დაახლოებით 5-6 წელია ვაკეთებ, დედაჩემი აკეთებდა ხოლმე ნამცხვრებს და იქიდან მაქვს მეც ამ საქმის სიყვარული”.

ფიქრობს, რომ საკუთარ წამოწყებას ნელ-ნელა განავითარებას, პროდუქციას გაამრავალფეროვნებს და ახალ-ახალ მომხმარებელსაც შეიძენს. ამ მიზნით, დაფინანსების მოსაძიებლად, ის საპროექტო განაცხადის შემუშავებას აპირებს.

“ნელ-ნელა ხალხი ინტერესდება ამ პროდუქტით, მითუმეტს როცა იგებენ, რომ სრულიად ნატურალურია და ხელითაა დამზადებული. ფეისბუქის მეშვეობით მაძლევენ შეკვეთებს და ასე ვახდენ ხშირ შემთხვევაში რეალიზებას. “სამომავლოდ მაქვს სურვილი ამ მიმართულებით უფრო განვვითარდე. მინდა დავწერო პროექტი და ვცადო ბედი “აწარმოე საქართველოში”. ასევე მსმენია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ და კარგი იქნება, თუკი რაიმე კუთხით ჩემს საქმესაც შეეწყობა ხელი”. 

ხათუნა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობით ცდილობს. ფიქრობს, რომ ცნობადობის ამაღლება პროდუქციის რეალიზაციის გასაზრდელად აუცილებელია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.