“ქართული ოცნების” შემწირველს, ვალერი გელაშვილს ხაშურში 22-სართულიანი კორპუსის აშენება სურს. ის მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს.
“მიწა, სადაც ვალერი გელაშვილი, კორპუსის აშენებას ფიქრობს, მის კერძო საკუთრებაშია. მან მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს მიმართა და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ელოდება შესაბამის ნებართვას“, – გვითხრა ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტს უარყოფენ ხაშურის მერიაში. როგორც უწყების სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ვალერი გელაშვილმა მათ მხოლოდ საკუთარი იდეა გააცნო.
“არანაირი საპროექტო დოკუმენტაცია შემოსული არ არის, პრეზენტაცია იყო კერძო ინვესტორის მიერ წარმოდგენილი. შესაბამისად, შენობის ასაშენებლად ნებართვა არ გაცემულა. ეს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცედურა იქნება, იმიტომ რომ არ არის მარტივი საკითხი“, – გვითხრა სერგო ლალიაშვილმა, ხაშურის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფოსმა.
როგორც ლალიაშვილმა “მოზაიკას” უთხრა, ხაშურში ყველაზე მაღალი კორპუსი 9-სართულიანია.
“გეტყვით, რომ 22 სართულიანზე საუბარი არ არის, ჯერ მარტო იმიტომ, რომ არ ვიცით, თვითონ მესაკუთრე თავის ტერიტორიას როგორ წარმოადგენს. წარმოდგენილი ტერიტორიის და არსებული კოეფიციენტის მიხედვით და ზონირების მიხედვით იქნება დადგენილი შენობის უმაღლესი სართულიანობა.”
ინფორმაცია, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ბიზნესმენს 22-სართულიანი შენობის აშენება სურს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ვალერი გელაშვილმა კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაც გამართა და როგორც “მოზაიკას” უთხრა, ვერ იგებს, რატომ შეიძლება იყოს ეს პრობლემა ქალაქისთვის.
“ჯერ ნებართვა არ მიმიღია, ველოდები, მერე რა რომ 22-სართულიან კორპუსს ვაშენებ, ბევრი მშენებლობებია ქალაქში? რატომ დაარღვევს ქალაქის იერსახეს?”.
აღსანიშნავია, რომ ხაშურს განაშენიანების გენერალური გეგმა არ გააჩნია და როგორც მერიაში ამბობენ, ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულიც არაა.
“გენ.გეგმა ხაშურს ჯერჯერობით არ აქვს,ამ ეტაპზე არც მუშაობა მიმდინარეობს განაშენიანების გეგმაზე“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან ადგილობრივებიც. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ფიქრობს, რომ 22-სართულიანი კომპლექსის აშენება ხაშურის განაშენიანებისთვის შეუსაბამოა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილი 2012-2016 წლებში, ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო. გელაშვილი “ქართულმა ოცნებამ” პარტიულ სიაში 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზეც შეიყვანა და 11 თვის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტარი იყო. რაც შეეხება მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 1999-2004 და 2004-2006 წლებშიც.
აღსანიშნავია, რომ იგი კენჭს იყრიდა 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებშიც, სადაც ხაშურის მერობის კანდიდატი იყო, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში “ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფდა.
გელაშვილი არის ასევე “ქართული ოცნების” შემწირველიც. მას პარტიისთვის ჯამში 150 000 ლარი აქვს შეწირული.