“ჩემი და ყველა ბავშვისთვის მინდა ევროპული მომავალი”, – ამბობენ დედები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა წყდება, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ მათი შვილები.
| “ჩემი არჩევანი 26 ოქტობერს ჩემი შვილების ევროპულ მომავალს უკავშირდება”.
მათი აზრით, სწორედ ევროინტეგრაცია არის ამ ქვეყანაში სტაბილური, პერსპექტიული და უსაფრთხო ცხოვრების გარანტია.
“მე 8 წლის ტყუპი გოგოები მყავს. ჩემი და ყველა ბავშვისთვის მინდა ევროპული მომავალი, ევროპული განათლებით და ღირსეული ცხოვრებით. ჩემი არჩევანი 26 ოქტობერს ჩემი შვილების ევროპულ მომავალს უკავშირდება”, – ამბობს მარიკა მრებრიშვილი.
| “26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების მომავალი უნდა განვსაზღვროთ”.
ერთ-ერთ ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის მომავალთან ერთად, ამ არჩევნებზე ახალგაზრდების მომავალიც წყდება, მარტა ბიბილაშვილია.
“დარწმუნებული ვარ ყველა მშობელს თავისი შვილისთვის საუკეთესო მომავალი უნდა, ჩემთვის 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, რომლითაც ჩემი შვილის და ქართველი ახალგაზრდების მომავალი უნდა განვსაზღვრო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არიან მშობლები, რომელთაც მხოლოდ თავისი შვილებისთვის უნდათ დასავლური განათლება, ჯანდაცვა და კეთილდღეობა, ხოლო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის – რუსული ჭაობი, მექრთამეობა, მონური შრომა, უუფლებობა და სიღარიბე. სწორედ ამას უნდა ვუთხრათ უარი ამ არჩევნებზე” – ამბობს მარტა ბილილაშვილი.
| “ჩვენ გვჭირდება ევროინტეგრაცია, ამის გარეშე ჩვენი მომავალი წარმოუდგენელია”.
ხარისხიანი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება არის ის ერთ-ერთი, რის გამოც მშობლები ირჩევენ ევროპას, – ამას ამბობს იკი ქოთოლაშვილი.
“უნდა მივცეთ ხმა ნათელ მომავალს, რაც ჩვენს შვილებს მისცემს იმის სტაბილურობას, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლებას. გვექნება შემდგარი, ძლიერი სახელმწიფო, სადაც მოუნდებათ ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება ევროპა და ევროინტეგრაცია, ამის გარეშე ჩვენი მომავალი წარმოუდგენელია”, – აღნიშნა იკი ქოთოლაშვილმა.
| “ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენ ევროპა და ევროპული სიკეთეები”.
მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა ლია გოგლიძეს არასოდეს უფიქრია ქვეყნის დატოვება. მისი აზრით, როგორ გააგრძელებს ახალგაზრდობა ამ ქვეყანაში ცხოვრებს, სწორედ 26 ოქტომბერს გადაწყდება.
“ველოდები, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იქნება სამართლიანი სასამართლო, პოლიცია და მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებენ. მე ვარ დედა, ბებია და მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა, რომლებიც ცხოვრებას ახლა იწყებენ, ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ, სადაც არავინ დააშინებთ, თავს არავინ გადაამეტებს, იმიტომ რომ ის ვიღაცის შვილია. ექნებათ შანსი მიიღონ ევროპული განათლება. ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენ ევროპა და ევროპული სიკეთეები”, – ამბობს ლია გოგლიძე.