ახალი ამბები

“მხოლოდ ის მინდა, ჩემს შვილს საფლავი გავუკეთო” – პენსიონერი ქალი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

საფლავის გაკეთება მინდა, რომ მივდივარ ახლიდან მიკვდება შვილი“, – ამბობს კასპის მუნიციპალიტეტში, კარიერის დასახლებაში მცხოვრები ქეთევან ბაცანკლიშვილი.

მარტოხელა ქალის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ის კი მხოლოდ კრედიტის დასაფარად ყოფნის, რომელიც შვილის მკურნალობისთვის გამოიტანა ბანკიდან. მიუხედავად ბევრი ბრძოლისა, შვილის გადარჩენა ვერ შეძლო.

“სამი წელია შვილი დამეღუპა, მანამდე სულ ავად მყავდა, სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა. სოციალური დახმარება მომიხსნეს. იყვნენ მოსულები, შემამოწმეს, მაგრამ პასუხი უარყოფითია. სახლიც თავზე მენგრევა, შვილის ავადმყოფობის გამო, მოხუცმა ქალმა კრედიტი გამოვიტანე, ვერც შვილს ვუშველე და სახლი ნაკვეთთან ერთად დამიყადაღეს“, – გვიყვება ქეთევანი.

მარტოხელა ქალი სახელმწიფოს სოციალურ შემწეობის დანიშვნას სთხოვს. მისი ერთადერთი სურვილი შვილის საფლავის მოწყობაა, თანხაც სწორედ ამისთვის სჭირდება.

დახმარებას ერთი მიზეზით ვითხოვ, ჩემი შვილის საფლავი გავაკეთო, რაც გავაკეთებინე უხარისხოდ გამიკეთეს და რომ ავდივარ საფლავზე და ასეთ მდგომარეობაში ვხედავ, შვილი თავიდან მიკვდება. გული მტკივა, რომ ნორმალურად ვერ ვაკეთებ. ყველამ ყველაფერი იცის, იციან ჩემი გაჭირვება, მაგრამ მაინც ვერ დაგინიშნავთო, მე სხვა არაფერი შემოსავალი არ მაქვს, არც საქონელი მყავს, არც ქათამი, მე კიდევ დაავადებები მაქვს, პენსიას რასაც ვიღებ, ბანკი მაჭრის“, – ამბობს ქეთევანი.

დატოვეთ კომენტარი