“თუ გვინდა თავისუფლებას შეწირულ ვაჟკაცებს პატივი მივაგოთ, ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ უნდა იყოს”, – ამბობს სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი, რომელიც ყოველდღიურად უყურებს რუსეთის სისასტიკეს და რუსულ ოკუპაციას.
“იმდენი ქარცეცხლი გამოვიარეთ, იმდენი სისხლი დაიღვარა, იმდენმა ადამიანი დაიღუპა ამ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ვაჟკაცის დაღვრილ სისხლს და განწირულ სიცოცხლეს თუ გვინდა რომ პატივი მივაგოთ, ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ უნდა იყოს. რუსული ჩექმა მძიმედ გვაქვს გადავივლი, ამიტომ ჩვენი გზა ევროპაშია, მხოლოდ ამ გზით უნდა ვიაროთ”, – ამბობს ციცინო ელიკაშვილი.
ციცინო გორიდან 30 კილომეტრში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართულ-ოსურ სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობს. მისი სოფელი რუსულმა ოკუპაციამ შუაზე გაყო და ახლობლებს დააშორა. მისთვის ევროინტეგრაცია ამ ქვეყნის იმედიანი მომავლის ერთადერთი გრანატიაა.
“ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ისეა, როგორც ადამიანს წყალი სწყუროდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი წარმოდგენით, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წავა. აგერ ვხედავ ემიგრაციაში წასულებს, რომლებიც ოჯახებსაც კარგად ინახავენ და თავადაც იქ კარგად არიან. ღირსეული ანაზღაურება რომ აქვთ, ეს ეტყობათ მათ ოჯახებს. ეს სიკეთეები ჩვენზეც რომ მოქმედებდეს, ხომ უკეთესი ცხოვრება გვექნება?”.
მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ სოფელი თითქმის დაიცალა და მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, ციცინომ ყველა თავისი იდეა მაინც აქცია საქმედ და ამ პროცესში, მისი მთავარი მხარდამჭერები არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. ციცინომ საკუთარ სახლის ერთ ოთახში სამკერვალოც მოაწყო, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აამუშავა. პატარა სივრცეში მოწყობილ სამკერვალოში, ციცინო ძირითადად საბნებს და ლეიბებს კერავს.
“მე კარგად მეხერხება კერვა, ამიტომ ორგანიზაცია “ბეთლემის” დახმარებით შევიძინე საკერავი მანქანა და დავიწყე საბნების, ლეიბების, საბის თეთრეულის შეკერვა. კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გამიჩნდა, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახისთვის”, – გვიყვება ციცინო.
ციცინოს და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრმლობა მრავალ წელს ითვლის. ის იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზაცია “თანხმობას” წევრია, რომელმაც როგორც თავად ამბობს, ბევრი სიკეთე გააკეთა სოფელში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.
“შემოგვქონდა ჰუმანიტარული დახმარება, ჰიგიენური საშუალებები. დღევანდელ ცხოვრებაში არავინ არ არის დალხინებული, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სჭირდება. არასამთავრობოების დახმარება მნშვნელოვანია, კი აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა შეღავათები, მაგრამ რასაც ორგანიზაციები და ევრკავშირი აკეთებს, აქ მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას უწყობს ხელს. მცირე გრანტები, რომლებიც მივიღეთ და სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდით, ყველამ შემოსავლის წყაროდ აქცია”, – გვითხრა ელიკაშვილმა.
ახალგაზრდებმა სოფელი ოჯახებთან ერთად ომის შემდეგ ნელ-ნელა დატოვეს. ახლა ციცინოს სურვილიც და საფიქრალიც მხოლოდ ერთია, ქვეყანა დაადგეს ევროპულ გზას და სჯერა, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდებიც დაუბრუნდებიან მშობლიურ სოფელს.
“ახალგაზრდები სულ წავიდნენ, აქ მხოლოდ პენსიიონერები და საპენსიო ასაკის ხალხი დავრჩით. ჩემი სურვილია, ჩვენს სოფელში ყველას მიეცეს საშუალება, მცირე გრანტის მიღების, რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც უმუშევრობამ და სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულათ საკუთარ მიწა – წყალის დატოვება, დაუბრუნდნენ და განახლდეს ცხოვრება”.