სტატიები

“ბავშვს სეფსისი განუვითარდა, ჩაუტარდა ოპერაცია” – რა მოხდა გორის მე-4 ბაღში?

“ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია, არც ბაღის დირექტორი. მხოლოდ შეტყობინება მომივიდა სააგენტოდან, რომ მოკვლევა დაიწყო”, – უთხრა “მოზაიკას” გორის მე-4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, რომელიც საბავშვო ბაღს მისი შვილის მიმართ უყურადღებობაში და გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

დედა ამბობს, დღის ბოლოს შვილი ბაღიდან სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით წამოიყვანა, რასაც ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები მოჰყვა. როგორც მშობელმა გვითხრა, მისი შვილის დაზიანების შესახებ დაგვიანებით შეატყობინეს და არც ექთანი ჩააყენეს საქმის კურსში. აღსაზრდელის დედის თქმით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს. 

“ბაღში სხვადასხვა ვერსიებს ამბობენ, რომ ვითომ ბავშვს მანამდე ჰქონდა ტრავმა და მათი ბრალეულობა არ არის. ბავშვი გადავიყვანეთ ციციშვილის კლინიკაში, ჩაუტარდა ზედა ყბის ოპერაცია და დღეს გამოგვწერეს. ბავშვს განუვითარდა სეფსისი, იმიტომ რომ ჰემატომები ჰქონდა და ეს ჰემატომა დაჩირქდა. ბავშვი გადის თერაპიას, აუტისტური სპექტრის ზღვარზე იყო, ჰიპერაქტიული აშლილობა, ქცევითი დარღვევა და მეტყველების შეფერხება. ახლა ბავშვს გამოუვლინდა იგივე ჩვევები, რაც ჰქონდა და ერთი წლის თერაპია ფაქტიურად წყალში ჩაგვეყარა. ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, პარასკევის მერე არავინ არ დაგვკავშირებია”, – ამბობს ნანა. 

ის დეტალურად ყვება, როდის და რა ფორმით აცნობეს მისი შვილის შესახებ. დედა ამბობს, რომ დაგვიანებული რეაგირების გამო, მისი შვილის მდგომარეობა გართულდა. 

“კლინიკაში შევედით დაახლოებით 9 საათზე და 11 საათზე ოპერაცია ჩატარდა. აუცილებლად ვაპირებ სამართლებრივ დავას. მეუბნებიან, რომ ბავშვმა ნოხს ფეხი წამოკრა და სკამს დაარტყა, ასე ვიცი მე და როგორ იყო რეალურად, არ ვიცი, თუმცა მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ხუთი საათის განმავლობაში არც მე და არც ჩემ მეუღლეს არავინ დაგვკავშირებია და არ ჩაგვაყენა საქმის კურსში, ასევე  ბაღს ჰყავს ექთანი, რომელიც მაგ დროს ბაღში იყო, მუშაობდა და მანაც არაფერი იცოდა”, – ამბობს დედა. 

“მოზაიკა” შეეცადა საპასუხო პოზიცია მოესმინა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისგან. როგორც ბაღის დირექტორი ამბობს, ხალიჩაზე ფეხის წამოკვრის შედეგად ბავშვს ერთი კბილი მოსტყდა, “სხვა კბილები კი ისედაც არ ჰქონდა”. ის გამორიცხავს, რომ ბავშვს სეფსისი ბაღში დაგვიანებული რეაგირების გამო განუვითარდა. 

“მეორე დღეს ამ ნატეხის ამოსაღებად მიიყვანა მშობელმა სტომატოლოგთან. ეტყობა რაღაც შინაგანი პროცესი მიდიოდა დაზიანების და ალბათ კბილი რომ ამოუღო სტომატოლოგმა, ნახა, რომ დაჩირქებული იყო. წაქცევით ორ დღეში კბილი ვერ დაჩირქდება და არც სეფსისი არ წავა. ალბათ სტომატოლოგმა დაინახა, რომ შიგნით არასახარბიელო მდგომარეობა იყო და გააგზავნეს კლინიკაში. ეს დაჩირქება მანამდე ექნებოდა მაგ ბავშვს“, – ამბობს დირექტორი. 

როგორც ცნობილია, მომხდარზე მოკვლევა დაწყებული აქვს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს. 

“არ ვართ დარწმუნებული ეს გამოიწვია დაცემამ, თუ ისედაც ჰქონდა ბავშვს პრობლემები. დაზუსტებით ვერ გეტყვით. მოკვლევა მიმდინარეობს და არაფერი არ არის ცნობილი”, – განაცხადეს სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.