ახალი ამბები

“ერთი კბილი მოსტყდა, სხვა კბილები ისედაც არ ჰქონდა” – გორის ბაღის დირექტორი ბავშვის დაშავების ფაქტზე 

ერთი კბილი მოსტყდა, სხვა კბილები ისედაც არ ჰქონდა“, – ასე პასუხობს გორის მეოთხე საბავშვო ბაღის დირექტორი მშობელს, რომელიც ბაღის აღმზრდელებს 3 წლის ბავშვის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც მარინა ინაური ამბობს, დაცემის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვი მოაწესრიგა და დააძინა.

ხალიჩაზე წამოკრა ფეხი და თავი ჩამოარტყა სკამს. მაგ ჩამორტყმის პერიოდში მოტყდა ერთი კბილი, სხვა კბილები ისედაც არ ჰქონდა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კბილები ჩაუტყდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მასწავლებელმა მაშინვე მოწმინდა გაასუფთავა და არანაირი გართულება არ ყოფილა“, – გვითხრა ინაურმა. 

ბაღის დირექტორი გამორიცხავს, რომ შემდგომი გართულებების მიზეზი ბაღში მომხდარი ინციდენტია. 

“მეორე დღეს ამ ნატეხის ამოსაღებად მიიყვანა მშობელმა სტომატოლოგთან. ეტყობა რაღაც შინაგანი პროცესი მიდიოდა დაზიანების და ალბათ კბილი რომ ამოუღო სტომატოლოგმა, ნახა, რომ დაჩირქებული იყო. წაქცევით ორ დღეში კბილი ვერ დაჩირქდება და არც სეფსისი არ წავა. ალბათ სტომატოლოგმა დაინახა, რომ შიგნით არასახარბიელო მდგომარეობა იყო და გააგზავნეს კლინიკაში. ეს დაჩირქება მანამდე ექნებოდა მაგ ბავშვს“, – ამბობს დირექტორი. 

მარინა ინაურის თქმით, მასწავლებელს მშობელი დროულად უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. როგორც დირექტორი ამბობს, სწორედ ამაში იკვეთება მასწავლებლის ბრალეულობა. 

ინციდენტის შემდეგ დაიძინა ბავშვმა და 4 საათისკენ მასწავლებელმა აცნობა მშობელს ტექსტური შეტყობინებით. ტყუის მასწავლებელი, რომ მაშინვე არ ჩააყენა მშობელი საქმის კურსში. მე მაგ დროს შესვენებაზე ვიყავი და რომ გავიგე, ვუსაყვედურე, ჩემთვის გეთქვა მეთქი, არც ექთანი არ იყო საქმის კურსში“, – გვითხრა უნაურმა. 

შეგახსენებთ, რომ გორის მეოთხე საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მშობელმა გაავრცელა. როგორც დედა ამბობს, დღის ბოლოს შვილი ბაღიდან სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით წამოიყვანა, რასაც ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები მოჰყვა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები