სტატიები

კორპუსების მშენებლობები გენ.გეგმის გარეშე – რისკები და გორის მერიის პასუხისმგებლობა

გორის მერიამ 15-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. რამდენად უსაფრთხოა მსგავსი მშენებლობა სეისმურად აქტიურ ქალაქში? – ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც მოქალაქეები სვამენ. დოკუმენტი, რომელიც ამ კითხვას პასუხს უნდა სცემდეს გორის განაშენიანების გენერალური გეგმაა, რომლის დამტკიცებასაც ადგილობრივები უკვე წლებია ითხოვენ. 

ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

გორის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას აქტიურად ითხოვს სამოქალაქო სექტორი. ამ საკითხზე არაერთი რეკომენდაცია გაეგზავნა გორის ყოფილ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც დოკუმენტის დამტკიცების პირობა საზოგადოებას წინასაარჩევნოდ მისცა, თუმცა მისი მერობის პერიოდში პროცესი შეჩერდა.

გეგმის საბოლოო დამტკიცებისათვის საჭიროა გარემოსდაცვითი სტრატეგიული ანგარიში, რომელიც უნდა დაერთოს დოკუმენტს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია და განახლდება ახალი წლის დასაწყისში“, – ამბობდა ჯერ კიდევ 2022 წელს გუჯა გეგელაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი.

თუმცა მას შემდეგ 2 წელი გავიდა და დღემდე არ არსებობს სკოპინგის დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა, ქალაქის რომელ მონაკვეთში რამდენ-სართულიანი შენობების აშენებაა უსაფრთხო. 

გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებული პროცესის ფონზე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში ჯამში 7 000-მდე სამშენებლო ნებართვა გაიცა, მათ შორისაა მრავალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებიც. 

| “გორი სეისმურად აქტიურია, ეს ყველამ ვიცით და 9-სართულიანზე მაღალი შენობის აშენება, რამდენად სწორია, ვერ გეტყვით”.

რამდენად უსაფრთხოა ქალაქში 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობა? – ამ კითხვაზე პასუხი აქვს გორის ყოფილ მერს კონსტანტინე თავზარაშვილს. მისი თქმით, გორის სეისმური მდგომარეობის გათვალისწინებით, შენობების ოპტიმალური სიმაღლე 9 სართულია. 

ჩემი მერობის დროს იყო გამოყოფილი კონკრეტული ზონები, სადაც არ შეიძლებოდა 4 სართულიან შენობაზე მეტის ჩადგმა, მაგალითად ასეთია სამეფო ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები. ზოგადად, გორის ციხის გარშემო, ყველგან ეგეთი ზონაა. საერთოდ, გორი სეისმურად აქტიურია, ეს ყველამ ვიცით და 9 სართულიანზე მეტი შენობის აშენება, რამდენად სწორია, ვერ გეტყვით“, – გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისთვის ქალაქს განაშენიანების გენ.გეგმა სჭირდება, რომლის დამტკიცების პროცესის გაჭიანურების მიზეზები მისთვის გაუგებარია. 

“ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან. ჩემი მერობის პერიოდში ყველაფერი მზად იყო, ფულიც გადახდილი, თანაც საკმაოდ დიდი თანხა. თუ სწორად მახსოვს, 400 000 ლარი. მე უბრალოდ, ვეღარ მოვასწარი ამის ბოლომდე მიყვანა. უცნაურია, რომ აქამდე ეს პროცესი ისევ გაჩერებულია. გენ.გეგმის გარეშე, გაგრძელდება ქაოსური მშენებლობები და რა თქმა უნდა, ეს ქალაქის იერსახეზე დადებითად არ აისახება. ანუ, მთავარია რომ დამტკიცდეს ეს გეგმა“, – გვითხრა თავზარაშვილმა.

| “ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია, რაიმე დოკუმენტი, რის მიხედვითაც იხელმძვანელებენ ნებართვების გაცემის დროს”.

რატომ არ აქვს გორს განაშენიანების გენ.გეგმა? – ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც კონსტანტინე თავზარაშვილს წინამორბედს, ზურაბ ჯირკველიშვილს. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, ის გენ.გეგმის საჭიროებას საკუთარი მერობის დროსვე ხედავდა.  

“რაც შეეხება ნებართვებს, ამკრძალავი ჩანაწერი, რის მიხედვითაც არ შეიძლება ამა თუ იმ რაღაცის აშენება, ფაქტობრივად არ არსებობს და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ასეთ შემთხვევაში, ხელმძღვანელობენ ხოლმე ზოგადი ნორმებით, რომ არ უნდა უშლიდეს ხელს რამეს, ან დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას, არ უნდა აზიანებდეს ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ტერიტორია უნდა იყოს შესწავლილი სიღრმისეულად და ისე გაიცემა ნებართვებიც”. 

ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე?

15-სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა გორის მერიისგან სამშენებლო კომპანიამ “ეი ჯი დეველოპმენტმა” მიიღო. რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის კუთვნილი ბიზნესი, მერიის ნებართვით ჭალის დასახლებაში ააშენებს იმაზე ორჯერ მაღალ შენობას, ვიდრე ქალაქის ცენტრში, კომბინატის თუ წმინდაწყლის დასახლებებშია. 

ამავე თემაზე: ვის მისცა 15-სართულიანი კომპლექსის აშენების ნებართვა გორის მერიამ? – საკრებულოს წევრის და რუსეთის მოქალაქეების ერთობლივი ბიზნესი 

“თამარ მეფის და აბრამიშვილის ქუჩების კვეთაზე შენდება 15-სართულიანი კორპუსი, სამი კომპლექსისგან შემდგარი. უკვე მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის ჩასხმა“, – უთხრა “მოზაიკას” სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და კერძო სახლებით დასახლებულ უბანში პირველი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაჩნდება. 

სამშენებლო ნებართვა, მერის თანხმობით, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა გასცა. შესაბამისად, შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, სამშენებლო კომპანიასთან ერთად, ექსპერტების თქმით, მერიასაც ეკისრება. 

“მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი. მხოლოდ მშენებელი კომპანიის კეთილ ნებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმები, რომელიც მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშიც არის. მით უმეტეს, გორი სეისმურად აქტიურ ზონას განეკუთვნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ სიფრთხილე“, – განაცხადა სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა. 

მოქალაქეების აზრით, ქალაქის ტერიტორიაზე, მერიის ნებართვით აშენებული კორპუსების მდგრადობაზე და ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც გენ.გეგმის დამტკიცების ნაცვლად გორში მრავალსართულიანი კორპუსების ქაოსურ მშენებლობას შეუწყო ხელი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.