სტატიები

“რუსეთმა გვაქცია დევნილებად, ამიტომ მხარს ევროპულ მომავალს ვუჭერთ” – დევნილი ქალები

უკეთესი მომავლისთვის უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა – ამბობენ დევნილი ქალები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს.

| “ევროკავშირში გაწევრიანება მოგვიტანს კეთილდღეობას და სიმშვიდეს“.

დევნილი ქალები ამბობენ, რომ რუსულმა აგრესიამ ისინი დევნილებად აქცია. მათი თქმით, ამ ქვეყანას ერთგული პარტნიორები სჭირდება, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია მოუტანს.

“ჩვენ რუსეთმა გვაქცია დევნილებად. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოგვიტანს კეთილდღეობას და სიმშვიდეს. ჩვენ სანამ დევნილები გავხდებოდით ავნევში 20 წელი შიშში ვიცხოვრეთ, ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაზე მშვიდობა იყოს, რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს. რუსეთი არ გვინდა,”- გვითხრა მარიამ ტაბატაძემ, რომელიც  ავნევიდან არის დევნილი.

| “ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც რუსეთს და რუსულ მთავრობას შეეწინააღმდეგება”.

რუსულმა აგრესიამ საკუთარ ქვეყანაში ორჯერ გახადა დევნილი ანა ტაბატაძე. მას ჯერ ცხინვალის, ხოლო შემდეგ ავნევის დატოვება ოჯახთან ერთად მოუწია. ის კარგად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ხვდება, რომ ახლა როგორც არასდროს ქვეყანას ცვლილებები სჭირდება.

“მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა. ყველამ თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს და მოხდეს იმის არჩევა, ვინც საუკეთესოა, ვინც წინსვლას მოგვიტანას. ჩვენთვის სასურველი ცვლილება იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავა, რადგან ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც რუსეთს და რუსულ მთავრობას შეეწინააღმდეგება. ორგზის დევნილი ვარ ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ ავნევიდან, ჩვენ ყველაზე უკეთ დავინახეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს, ამიტომ მხარი უნდა დავუჭიროთ იმას, ვინც ქვეყანას სწორ მიმართულებას მისცემს”, – ამბობს ანა ტაბატაძე.

| “ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანება”.

რუსულმა ოკუპაციამ ავნევიდან დევნილად აქცია ეკა ბედოიძის ოჯახიც. უმუშევრობის გამო, ოჯახს ყოფითი პრობლემების მოგვარება ძალიან უჭირს, მაგრამ ეკა იმედს მაინც არ კარგავს, რომ გაჭირვებას დაძლევს და მისი შვილებიც უკეთესად იცხოვრებენ.

“დევნილებს არ გვაქვს სათანადო დაფასება, 45-ლარიან დახმარებას ვიღებთ, რაც საკმარისი არაფრისთვის არ არის. გვიწევს ყოველდღიურად მუშებად ბაღებში სიარული, ვეწვალებით. ძალიან ძნელია, მთელი დღე მინდორში ყოფნა, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის, ამიტომ არჩევნებისგან ველოდები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად კი აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანება”, – აღნიშნა ეკა ბედოიძემ ავნევიდან დევნილმა.

| “ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს რუსეთს თუ ირჩევს ევროპას”.

დევნილ ქალებს მსგავსი ისტორიები აქვს და არჩევნებსაც იდენტური მოლოდინებით ელიან. მაია მურჯიკნელის თქმით, ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, სადაც ამომრჩეველმა ქვეყნის საგარეო კურსი უნდა აირჩიოს.

“რაც ჩვენ გავიარეთ, იმის გადატანა არავის აღარ უნდა მოუწიოს. პირველ რიგში ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ქვეყანა განვითარების გზას დაადგეს. ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს რუსეთს თუ ირჩევს ევროპას.”, – გვითხრა ნულიდან დევნილმა მაია მურჯიკნელმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.