ახალი ამბები

გორის ბაღში დაშავებული ბავშვის საქმეზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო 

გორის მეოთხე საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაშავების საქმეზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, შესწავლის პროცესში მეთოდისტთან ერთად იურისტიცაა ჩართული. 

მისული იყო მეთოდისტი, იურისტიც ჩართულია ამ ამბავში და მოკვლევა დაიწყო. თუ დადასტურდება აღმზრდელის ბრალეულობა მივიღებთ შესაბამის ზომებს, ეს იქნება საყვედურის გამოცხადება, თუ სამსახურის დატოვება“, – გვითხრეს სააგენტოში. 

მეოთხე საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მშობელმა გაავრცელა. როგორც დედა წერდა, დღის ბოლოს შვილი ბაღიდან სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით წამოიყვანა. 

ჩემი შვილი დღეს, მოვიყვანე ბაღიდან კბილებგამსხვრეული, ტუჩგახეთქილი. ეს ყველაფერი მოხდა დილის საათებში და მასწავლებელი მაგებინებს საღამოს საათებში. ამ ყველაფერთან ერთად, ექთანს არც გააგებინეს, რომ ბავშვისთვის შეეხედა რამდენი სისხლი დაკარგა, ან უბრალოდ შეეფასებინა ბავშვის მდგომარეობა. არცერთ მასწავლებელს ხუთის ნახევრამდე კომუნიკაცია არ მოუხდენია ჩემთან აღნიშნულ საკითხზე. აქვე ფოტოებს დავურთავ წინა თვეების მომხდარ ფაქტებზე, თუ როგორ მდგომარეობაში მხვდებოდა ბავშვი. ვცდილობდი ადეკვატური რეაქცია მქონოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ახლა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. კანონით დაწესებულ ყველა შესაძლებლობას და რესურს გამოვიყენებ, რომ შესაბამისი რეაგირება და მოკვლევა მოჰყვეს ამ ამბავს”, – წერდა მშობელი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ საკითხის მოკვლევა ფაქტის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. უწყების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღის დირექტორმაც მშობლისგან გაიგო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები