“ძალიან ცოტა დარჩა გამარჯვებამდე”, – ასე დაიწყო კოალიციის “ერთიანობა” შეხვედრა დაბა აგარაში. გაერთიანების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ და საარჩევნო ხედვების გარდა, არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.
“აქ ის ხალხი ხართ შეკრებილი ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული ჩვენი ქვეყანა ამ 12 წლის მანძილზე რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ბიძინა ივანიშვილმა თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი. ძალიან ცოტა დარჩა გამარჯვებამდე. შიდა ქართლის რეგიონი მრავალფეროვანი რეგიონია, ეს არის ყველაზე დემოკრატიული ღირებულებების მქონე რეგიონი და არჩევნების დღეს იტყვის თავის სათქმელს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – უთხრა მოქალაქეებს ანი ბალიაშვილმა.
კოალიცია “ერთიანობის” წარმომადგენლებმა აგარელებს ის პროექტებიც გააცნეს, რომელთა განხორციელების საჭიროებასაც აგარაში ხედავენ.
“აგარაში კვლავ გაიხსნება ქარხნები, სადაც ადგილობრივი კადრები დასაქმდება 300 ლარიანი დანამატიც ექნებათ მათ, რათა არ დაიცალოს ხალხისგან დაბები და სოფლები. 2003 წლიდან მოყოლებული იმდენი რამე გაკეთდა, რასაც არვინ მოელოდა. ჩვენ ევროპის დახმარებით ყველა ეკონომიკურ პრობლემას გადავჭრით“, – აღნიშნა ირაკლი ფავლელიშვილმა.
| “გვინდა უკეთესი მომავლი ჰქონდეთ ჩვენ შვილებს”.
შეხვედრაზე მისული ადამიანები ამბობენ არჩევნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტიურობა იქნება. მათი თქმით, ეკონომიკური პრობლემები, უსამართლობის განცდა, ევროპული პერსპექტივის გაქრობაა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგა.
“გვინდა უკეთესი მომავლი ჰქონდეთ ჩვენ შვილებს. ჩემი სურვილია, რომ ეს ქვეყანა გაერთიანდეს, არ იყოს უსამართლობა, შიმშილი, უკანონო პატიმრები და შემცირდეს კრიმინალი. არჩევნებზე მივდივართ მთელი ოჯახი. უკან არასოდეს დავიხევ ,როცა საქმე ჩვენ ოჯახს და ჩვენ სამშობლოს ეხება“, – გვითხრა მზია გაბაიძემ.
შეხვედრას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. მათგან ერთ-ერთი ძიუდოს ყოფილი მწვრთნელი ომან ხანიშვილი იყო. მისი თქმით, ნეპოტიზმის გამო ქვეყანაში ნიჭი და კვალიფიკაცია აღარ ფასდება.
“მოვიდა ის დრო, რომ ეს მთავრობა სააბოლოდ გავიტანოთ. უნდა დადგეს ამ ქვეყანაში ის დრო, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს – პედაგოგი იქნება ეს, ექიმი თუ ინჟინერი, ყველამ თავისი განათლებით აკეთოს საქმე. მე თვითონ პედაგოგი ვიყავი, ძიუდოს მწვრთნელად ვმუშაობდი წლების მანძილზე, თუმცა დღეს ისეთი პერიოდი მოვიდა, კლანური მმართველობაა ყველა სფეროში, ნიჭის და შრომის დაფასება აღარ ხდება“, – გვითხრა ომარ ხანიშვილმა.
| “ქართველი კაცი რუს არასოდეს მოუხდის ბოდიშს. არჩევნების შემდეგ ბოლო მოეღება ამ ყველაფერს“.
კოალიციის მხარდამჭერების თქმით, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებმა, საკუთარი არჩევანით, ქვეყნის საგარეო კურსი უნდა განსაზღვრონ.
“საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. ჩვენი ყველა გზა ევროპაში მიდის. ჩვენ შიდა ქართლში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად გამოვცადეთ რუსეთის აგრესია. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ მათ ბოდიში მოუხადოთ. ქართველი კაცი რუს არასოდეს მოუხდის ბოდიშს. არჩევნების შემდეგ ბოლო მოეღება ამ ყველაფერს“, – გვითხრა დალი ედილაშვილმა.