გოგონების მხარდასაჭერად პატარა გარეჯვრის სკოლის დირექტორმა სტიპენდია დააწესა.
როგორც სუზი ბერიძემ “მოზაიკას” უთხრა, მის ინიციატივას უკვე ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონების გასაძლიერებლად თანხის მობილიზებაში ეხმარებიან.
“18 სრულიად განსხვავებული ადამიანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყოველი თვის ბოლოს ორ არაჩვეულებრივ გოგონას სიმბოლური სტიპენდია გადავცეთ. ჩვენ ავირჩიეთ მე-11 და მე-12 კლასის გოგონები. ბუნებრივია, ისეთ მოსწავლეებზე შევაჩერეთ არჩევანი, ვიზეც ვიცოდით, რომ საჭიროება ჰქონდათ. მთავარი კი იყო, ყოფილიყვნენ მოტივირებულები და სწავლის სურვილი ჰქონოდათ“, – გვითხრა სუზი ბერიძემ.
სკოლის დირექტორის თქმით, შერჩეული გოგონები სტიპენდიას მაისის თვიდან იღებენ.
“მაისიდან დავიწყეთ ეს საქმე და ყოველ თვე 2 მოსწავლეს 100 ლარით ვეხმარებით. მომავალში ვფიქრობთ ბენეფიციარების გაზრდას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფონდის შემომწირველთა რიცხვი გაიზრდება”.
სუზი ბერიძემ სტიპენდიისთვის ანგარიში გახსნა, სადაც გოგონების მხარდაჭერისთვის თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია: GE50TB7659545064300018