საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია საარჩევნო უბნები და კენჭისყრის დღისთვის მზადება მიმდინარეობს. რა ვითარებაა გორის 32-ე საარჩევნო ოლქში და რა ხდება საარჩევნო უბნებზე – ამ საკითხებზე “მოზაიკა” გორის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან ისაკაძეს ესაუბრა.
რამდენი საარჩევნო უბანია გორის ოლქში და რამდენ მათგანში ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა ტექნოლოგიებით?
გორის ოლქში არის 95 საარჩევნო უბანი. ამ უბნებიდან 68 უბანი არის, სადაც ტექნოლოგიებით გაიმართება არჩევნები და 27 უბანია, რომელშიც ძველი წესით ჩატარდება.
ამ დროისთვის, რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული გორის საარჩევნო ოლქში?
ეს მონაცემები ყოველ წუთს იცვლება, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრირებლია 111 888 ამომრჩეველი.
რა ვადებში შეუძლია გადასატანი ყუთის მოთხოვნა ამომრჩეველს?
თუკი რაიმე მიზეზით მოქალაქე ვერ ახერხებს საარჩევნო უბანზე მისვლას და ხმის მიცემას, გადასატანი ყუთის მოთხოვნა შეუძლია არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ანუ ეს ვადა ამ შემთხვევაში არის 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით. ადრე ეს ვადა იყო, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მაგრამ წლევანდელ არჩევნებში ვადა გაიზარდა, რადგან აპარატურაში სიების შეტანას მეტი დრო სჭირდება. ამომრჩევლის ბარათებზე დატანილია ეს ინფორმაციაც, რა ვადებში უნდა მოითხოვონ გადასატანი ყუთი.
როგორია მდგომარეობა საარჩევნო კომისიებში და რამდენად აქტიურად არიან წევრები ჩართულები კომისიის მუშაობაში?
სხდომებზე ჩვენთან ძირითადად დადიან ხელმძღვანელი პირები და ოლქის მიერ არჩეული პირები. ზომებს რაც შეეხება, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ მოვუწოდოთ, ჩაერთონ კომისიების მუშაობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე კომისიების თავმჯდომარეებმა და მდივნებმა დატოვეს კომისია, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე?
ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, რომ კომისიის წევრებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვადამდე შეიწყვიტეს უფლებამოსილება. კონკურსი გამოვაცხადეთ და შევარჩიეთ ახალი წევრები. ერთი შემთხვევა იყო, რომ ხიდან ჩამოვარდა ერთ-ერთი კომისიის წევრი, მიიღო მოტეხილობები, მეორეს დედის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ჩვენ ნამდვილად ვერ შევიტანთ ეჭვს მათ მიერ დასახელებულ მიზეზებში.
რა სახის დარღვევები გამოვლინდა საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ და რამდენი საჩივარი შემოვიდა საოლქო კომისიაში?
ჯერჯერობით არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა არც საარჩევნო უბნებზე და არც საოლქო კომისიაში. პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ძირითადად კენჭისტრის დღეს უფრო არის ხოლმე საჩივრები ოლქშიც და უბნებზეც.